მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით,
ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება, რომელიც კოოპერატივებისთვის
ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების
გადაცემას ითვალისწინებს.
პროგრამაში ჩართულ კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი
ყურძნის რეალიზაციის გარდა, ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ.
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები
ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივების განვითარების
სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის www.acda.gov.ge საშუალებით
თებერვლის შუა რიცხვებიდან შეძლებენ.
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამა“ საპილოტეა და მის ფარგლებში არანაკლებ 3 ერთეული
საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობა გაიცემა. პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ
ლარს შეადგენს.
კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში
მონაწილეობისთვის დადგენილია შემდეგი პირობები:
-სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს
არანაკლებ 20 მეპაიეს, (ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც ცნო
კოოპერატივის წესდება და შეიტანა საწევრო) სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ
20 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის შემდეგი
ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი, გორული
მწვანე, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში,
ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა
(რაჭული).
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა
ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა,
ხოლო კოოპერატივმა - საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა
უზრუნველყოს.
სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება როგორც ღვინის
საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ
საკითხებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა
სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მევენახობის
მიმართულებით 40 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი საქმიანობს, რომელშიც
გაერთიანებულია 250 მეპაიე, მათ საკუთრებაში არსებული ვენახების
ფართობი 316 ჰექტარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები