სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარისა და ქუვეითის
სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნეს სექტორის, მათ შორის, კატარის
სახელმწიფო კომპანიის „HASSAD FOOD“, წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აგროსასურსათო სექტორში
ინვესტიციების განხორციელების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო
ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის, საქართველოდან ცხვრის,
ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, ცხვრის ხორცის,წყლის, მშრალი ხილისა
და თაფლის ექსპორტის საკითხებზე იმსჯელეს.
„საქართველოსა და გალფის ქვეყნებს (სპარსეთის ყურის თანამშრომლობის
საბჭოს წევრი ქვეყნები) შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას
მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რაც აუცილებლად უნდა განვითარდეს და,
შესაბამისად, გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა“, - აღნიშნა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. როგორც კომპანიის
„ალ მავაში“ წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა,აღნიშნული კომპანია
საქართველოდან ქუვეითში ცოცხალი ცხვრის ექსპორტითაა
დაინტერესებული.
მისივე განცხადებით, დელეგაციის წევრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში
სასაკლაოზე არსებული ვითარება, საკარანტინო ზონა და ბიოუსაფრთხოების
პუნქტები დაათვალიერეს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ სტანდარტებს.
„მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში
ინვესტიციების განხორციელების საკითხებზე ვიმსჯელეთ. HASSAD FOOD
კატარის სახელმწიფო კომპანიაა. ჩვენ ვგეგმავთ ქართული
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს კატარის სახელმწიფოში.
ვაპირებთ, შევქმნათ ე.წ ჰაბები, გამანაწილებელი პუნქტები, რომ შემდეგ
ეტაპზე ქართული პროდუქცია სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ
სხვა ქვეყნებშიც გავიდეს“, - განაცხადა კომპანიის „HASSAD FOOD“ბიზნეს
განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დოქტორმა იუსუფ ჰეგაზემ.სოფლის
მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული
სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი მიხეილ
სოხაძე ესწრებოდა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები