ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, მე-14 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა
„EnoExpo 2016” გაიმართა.
გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის
მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა: „ვაზიანი“,„მეღვინეობა
ხარება“, „ასკანელი ძმები“, „თელავის ღვინის მარანი“,
„კახური“,„ბესინის ღვინის მარანი“, „ვაინმენი“, „კორპორაცია ქართული
ღვინო“,„შილდა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მარანული“, „ნაღდი
მარანი“ და „ქიმერიონი“. გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო
კონკურსზე ორი ქართული კომპანიის ოთხმა ღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს
მედლები დაიმსახურა. ესენია:კომპანია „გოცას ღვინოები“, „თავკვერი
2014“ - ბრინჯაო; კომპანია „თელავის ღვინის მარანი“: „Reserve 2007 -
ვერცხლი”; „კონდოლის ვენახები სამი“ - 2012 - ვერცხლი; „სატრაპეზო 10
ქვევრი 2013“ - ვერცხლი.სამდღიანი გამოფენის ბოლო დღეს გაიმართა
ქართული ღვინისა და სამზარეულოს შეხამება, იქვე გამოცხვა ხაჭაპური,
რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც გამოფენის მონაწილეებსა და
სტუმრებს მიეცათ.
გამოფენაზე ღვინის კომპანიებმა საქმიანი მოლაპარაკებები გამართეს
ადგილობრივ იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან. მსგავს
გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის
პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნების ბაზარებზე.პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ
სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის
განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.
აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული
ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. 2016 წლის 10 თვის
მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,81 მლნ
ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს.
[R]
მასალის გამოყენების პირობები