სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და USAID-ის პროექტის
,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიან კინგმა ხელი მოაწერეს
ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის
ექსტენციის სახელმწიფო სერვისცენტრების (AICCs) ხელშეწყობას,
ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და შესაძლებლობების ზრდას.
მემორანდუმის ფარგლებში, რეგიონებში განთავსებულ სოფლის მეურნეობის
სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს გადაეცემათ
ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ექსტენციის
სპეციალისტები დაავადებების აღმოჩენას და ფერმერთათვის კონსულტაციის
გაწევას ადგილზე შეძლებენ.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო USAID-თან უკვე წლებია წარმატებით
თანამშრომლობს. შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა,
რომელიც სოფლისმეურნეობის დარგის განვითარებას, ფერმერთა
კონკურენტუნარიანობის ზრდას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის
ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღეს
გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, USAID-ი სოფლის მეურნეობის
სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს ფუნქციონირების
გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას გაუწევს“, -
აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიან
კინგმა აღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთხელ
ადასტურებს ურთიერთობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობებს შორის აქტიურ თანამშრომლობას. სამინისტროს და USAID-ის
ერთობლივი მუშაობა სოფლის მეურნეობა განვითარებას და ახალი
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას მნიშვნელოვნად შეუწყობს
ხელს. მემორანდუმი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ზრდა
საქართველოში“ ფარგლებში გაფორმდა. „ზრდა“ ხუთწლიანი პროგრამაა,
რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ექვსი რეგიონის 70 თემში მდგრადი
ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. პროექტის განხორციელება ხელს
შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო
საწარმოების და შიდა მეურნეობების განვითარებას, სოფლის მოსახლეობის
შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების
მიზნით,მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების
ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას
ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.
მხარეები მემორანდუმით გათვალისწინებული მოვალეობების შეასრულებას
2016 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და
USAID-ის ‘ზრდა’’პროექტის თანამშრომლობა ითვალისწინებს
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების
წარმოების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობის
ცნობიერების ამაღლებას და სასოფლო-სამეურნეო უნარ-ჩვევების
განვითარებას.მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას სოფლის მეურნეობის
სამინისტროს და USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
[R]
მასალის გამოყენების პირობები