ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ღვინის აკადემიის
სკოლაში შეასწავლიან. აღნიშნულის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი თბილისში,სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ
სააგენტოსა და პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდს
შორის (Galicja Vitis) გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას
პოლონეთში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო
აქტივობების მეშვეობით.პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის
განვითარების ფონდი თანამშრომლობს პოლონეთის ღვინის აკადემიასთან
(Podkarpacka Akademia Wina, http://akademiawina.org/), რომლის
ბაზაზეც 2015 წელს ქალაქ იასლოში ღვინის სკოლა ჩამოყალიბდა, სადაც
ლექციებს ქართული ღვინის კულტურის შესახებ წაიკითხავენ. ღვინის
ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი იმედოვნებს, რომ
აღნიშნული მემორანდუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლონეთში ქართული
ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის გაზრდას.
„პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია და ზოგადად ქართულ
ღვინოს პოლონეთში დიდი პოტენციალი აქვს. ასევე ყოველწლიურად მზარდია
პოლონეთიდან ღვინის ტურიზმი. ველოდებით, რომ ქართულ ღვინოს მომავალში
უფრო და უფრო მეტი დამფასებელი ეყოლება. დღეს მოვაწერეთ ხელი
მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ სასწავლებელში ქართული ღვინის
შესახებ ლექციებს წაიკითხავენ. ჩვენ მათ ჩვენი მხრიდან დავეხმარებით
ინფორმაციითა და სარეკლამო მასალის მიწოდებით და მაქსიმალურად
ჩავერთვებით, რომ უფრო მეტი კარგი ღვინო იყოს წარმოდგენილი პოლონეთში“
- აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ორგანიზაცია “Galicja Vitis” პოლონეთში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო
ღვინის კონკურსის Wine Contest GALICJA VITIS-ის
(http://galicjavitis.pl/en/) დამფუძნებელია. როგორც აღნიშნული ფონდის
წარმომადგენელი, პოლონელი ღვინის მწერალი და ენოლოგი ვოიჩეკ ბოსაკი
(Wojciech Bosak) აცხადებს, ქართული ღვინო საკმაოდ პოპულარულია
პოლონეთში,სადაც მაღაზიებში, ღვინის სახლებსა და რესტორნებში ქართული
ღვინის ფართო არჩევანია.
„საქართველო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება პოლონელი
ტურისტებისთვის, ღვინის ტურიზმისთვის, მათთვის, ვინც დაინტერესებულია
ნახოს ვენახები, ღვინის საწარმოები, მწარმოებლები და რაღა თქმა უნდა
დააგემოვნოს ღვინო. ჩვენი მეღვინეობა-მევენახეობის ხელშემწყობი ფონდის
მიზანია მიაწოდოს საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ქართული ღვინის
შესახებ, როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს. ჩვენ
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან
დაგვეხმარება ხელი შევუწოთ ქართულ ღვინოს, რომელსაც დიდი ისტორია
დაკულტურა აქვს. ჩვენ გავაცნობთ ქართულ ღვინოს ჩვენი პროფესიონალური
მეღვინეობის სკოლის სტუდენტებს” - აღნიშნა ბოსაკმა.
მისივე თქმით, ქართული ღვინის მიმართ დიდი ინტერესია და ზოგიერთმა
პოლონელმა მეღვინემ დაიწყო ღვინის წარმოება კახური მეთოდით. „რა თქმა
უნდა, შედეგი ისეთივე არ არის,როგორიც კახეთშია, მაგრამ ეს პირველი
ნაბიჯია. რაც შეეხება ჩვენი კონკურსის წესებს, გასულ წელს ჩვენ
გვქონდა სპეციალური კატეგორია ჭაჭაზე დაყენებული თეთრი ღვინოებისთვის,
რაც უმეტესად ქართველ პოტენციურ მონაწილეებზე იყო გათვლილი. ეს მეტ
შანსს აძლევს ქართულ ღვინოს, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული
ჩვეულებრივ სტანდარტულ ღვინოებთან შედარებით” - აღნიშნა ვოიჩეკ
ბოსაკმა. პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ბაზარს წარმოადგენს.პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია - 2016
წლის 9 თვის მონაცემებით,საქართველოდან ექსპორტირებულია 1,6 მლნ
ბოთლზე მეტი ღვინო, რაც გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 47%-ით
აღემატება.
[R]
მასალის გამოყენების პირობები