საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით
ლორთქიფანიძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი
სამანიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და
ასოციაცია „ქართული ღვინოს“ წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში,სოფელ
იმირში ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური აღმოჩენები
მოინახულეს.
არქეოლოგიური კვლევის შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილია ძვ.წ. VI
ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური
კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველურივაზი ადამიანმა პირველად
საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო
დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის
მტვრის მარცვლები,რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.როგორც
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტი „ქართული
ვაზისა დაღვინის კულტურის კვლევა’’, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს
აღნიშნული არქეოლოგიურიგათხრები, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული
ღვინის პოპულარიზაციისთვის.
„ეს პროექტი ზოგადად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისთვის და
ძალიან მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის კვლევისთვის, რადგან
სწორედ ამ მიდამოებშია აღმოჩენილი ის მასალა,რომელიც ადასტურებს, რომ
საქართველო მეღვინეობის უძველესი კერაა. ეს გათხრები არის დამატებითი
არტეფაქტების აღმოჩენისთვის, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი
უძველესი მეღვინეობის ისტორია. ღვინის დამზადება ჩვენ დავიწყეთ 8
ათასი წლის წინ და ეს პროცესი იყო უწყვეტი, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია. საქართველოში დღემდე ისეთივე მეთოდით და ისეთივე კარგ
ღვინოს ვამზადებთ, როგორც ათასწლეულების წინ“, - აღნიშნა გიორგი
სამანიშვილმა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით
ლორთქიფანიძემ იმირში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს საერთაშორისო
მნიშვნელობის სამუშაოები უწოდა. „მიმდინარეობს უმაღლესი რანგის და
საერთაშორისო მასშტაბის სამუშაოები. წელს გაფართოვდა ექსპედიციის
მასშტაბი, დაემატნენ სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არ არის
მხოლოდ არქეოლოგია, აქ ხდება არა მარტო ღვინის ისტორიის, არამედ მთელი
ეპოქის კვლევა. მთლიანად ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია
კაცობრიობის ისტორიის კვლევისათვის. წელს აღმოჩენილია არტეფაქტები,
ვეძებთ ისევ წიპწებს, კვლევები გრძელდება და რაც უმნიშვნელოვანესია,
ძალიან ბევრი ლაბორატორიული კვლევა ტარდება”, - აღნიშნა დავით
ლორთქიფანიძემ.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია საცხოვრებელი
ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები
და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავება და პალეო-ბოტანიკური კვლევა
კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული
უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ.აღმოსავლეთ
საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევით დგინდება,
რომამ პერიოდში საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. იწყება
მიწათმოქმედების აღმავლობა და ცხოველების მოშინაურების პროცესი. 2014
წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის
ეროვნული სააგენტოს,საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია
„ქართული ღვინოს“ ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და
ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული
ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარების კვლევასა და
პოპულარიზაციას.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები
ნეოლითური ხანის ნასოფლარზე - გადაჭრილ გორაზე და საქართველოს
ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების
ინტერდისციპლინარული კვლევა.ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში
მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის,კოპენჰაგენის,
ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს
აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო
ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერია ლევან
დავითაშვილი, პროექტის კორდინატორია დავით მაღრაძე. ექსპედიციის
ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი
კურატორი მინდია ჯალაბაძე.
წელს პროექტში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და
ტორონტოს უნივერსიტეტის საზაფხულო-საველე სკოლის სტუდენტები.
პროგრამის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი
მეცნიერების - საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების -
არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, პალეობოტანიკის პოპულარიზაცია. პროგრამა
მიმდინარეობს ტორონტოს უნივერსიტეტის და შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები