ოთარ დანელია წყალტუბოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, იმერეთის გუბერნატორის
პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების
განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე წყალტუბოში
იმყოფებოდნენ.
ისინი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის "ჯანელიძეების" წევრებს
შეხვდნენ და მათი სათბურები დაათვალიერეს.
კოოპერატივის კუთვნილი სათბურების საერთო ფართი 3 ჰა-ს შეადგენს.
დახურულ გრუნტში ბოსტნეულს და სხვადასხვა სახის მწვანილს აწარმოებენ.
პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ საბითუმო ბაზრებზე ხდება.
შპს "ჰერბიასთან" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოებული
პროდუქცია ექსპორტზეც გადის. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში,
პროდუქციის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 190 ათას ლარამდე
შეადგინა.
პროდუქციის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფისთვის, კოოპერატივი ღია
გრუნტში წარმოების დაწყებასაც გეგმავს.
"სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებს შორის,
სასოფლო-სამეურნეო კოოპერირების ხელშეწყობა უნიშვნელოვანესია.
კოოპერაცია ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას,
ფერმერებისთვის მეტი შემოსავლის მიღებას და კონკურენტუნარიანი
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც იმპორტირებული
პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლების უზრუნველყოფის წინაპირობაა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ჯანელიძეები" არის კიდევ ერთი
მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს წარმოება და საქართველო
გახდეს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნა", - განაცხადა
ოთარ დანელიამ.
კოოპერატივი "ჯანელიძეები" 2015 წლის ივნისში შეიქმნა, მასში 6
მეპაიეა გაერთიანებული. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კოოპერატივის
წევრთა 25-მდე გაზრდა. კოოპერატივი სახელმწიფო სტატუსის მატარებელია
და შესაბამისად, სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობს.
დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 1214 სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივი. იმერეთის რეგიონში ჯამში შექმნილია 117
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა საქმიანობის ძირითად სფეროებს
სასათბურე მეურნეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა
წარმოადგენს.
R
მასალის გამოყენების პირობები