მთავრობის სხდომაზე თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და
მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი,
რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხის და ეტიკეტირების
საკითხებს დაარეგულირებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით,
საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია.
„ქართული თხილის დიდი საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ
ამ პროდუქტის წარმოების პერსპექტივა გვაქვს. 2014-15 წლებში,
ევროკავშირში ქართული თხილის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა
შემოსავალმა 184 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი
აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებლის თითქმის 30% -ია.
თხილის წარმოება აგრარული სექტორის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება
გახდა. სწორედ ამიტომ შემუშავდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი
და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მეთხილეობის დარგის განვითარების
ხელშეწყობას გულისხმობს”, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თხილის რეგლამენტი
აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო მარკეტინგულ სტანდარტებთან.
რეგლამენტის შესაბამისად, მკაცრად გაკონტროლდება თხილის ხარისხი, რაც
გულისხმობს ლაბორატორიულ შემოწმებას, ასევე შენახვის, შეფუთვის,
ტრანსპორტირების წესების დაცვის კონტროლს. თხილის
შემოწმება-ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო
განახორციელებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თხილის რეგლამენტი ხელს შეუწყობს
საქართველოში მეთხილეობის დარგის განვითარებას, საერთაშორისო ბაზრებზე
მაღალი ხარისხის თხილის რეალიზაციას და ქართული წარმოების პროდუქციის
მაღალი სტანდარტის შესაბამისობის იმიჯის დაცვას.
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი თხილის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტი საჯარო განხილვისთვის განთავსებული იყო საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. გარდა ამისა, მოხდა
შეხვედრები ბიზნესსექტორის და მეთხილეთა ასოციაციის
წარმომადგენლებთან. პროექტი წარდგენილი იყო საქართველოს თხილის
გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ
სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე. საერთო განხილვების დროს
გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნა აღნიშნულ
დოკუმენტში.
R
მასალის გამოყენების პირობები