ღვინის გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლუჭოუში 19-21 მარტს გამართულ
ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სახელით
მონაწილეობდა.
გამოფენა გახსნა და შემდგომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს
ქართულ სტენდთან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ,გიორგი
სამანიშვილმა უმასპინძლა.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია,
რომელსაც სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან
ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე და
ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სომელიე ქსიუ რენქინგი უძღვებოდნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების
ღვინოები:"მეღვინეობა ხარება", "ბაგრატიონი 1882", "დუგლაძეების
ღვინის კომპანია","თელიანი ველი", "შატო მუხრანი", "თელედა",
GWS და "ბოლერო".
სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუჭოუში ვიზიტის დროს, საქართველოს
დელეგაციის შემადგენლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს
წარმომადგენლებთან ერთად, შედიოდნენ კახეთის რეგიონის გუბერნატორის
მოადგილე გივი მეტრეველი და თელავის ვიცე-მერი ლევან ლილუაშვილი.
სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქართული დელეგაციის წევრებმა
შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ამავე კვირაში ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ჩინეთის კიდევ ერთ
გამოფენაზე -სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, სადაც 21-26 მარტს
ღვინისა და კვების საერთაშორისო გამოფენა იმართება.
ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით ერთ-ერთი სტარტეგიული
ბაზარია. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან
შედარებით 122%-ს მიაღწია, სულ ექსპორტირებული იყო 2 672 154 ბოთლი
(0,75ლ).
მასალის გამოყენების პირობები