მიწის უფასო რეგისტრაცია -კანონპროპექტს პარლამენტი ხვალ განიხილავს
2015 წლის 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ განსახილველად
მიიღო მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "საჯარო რეესტრის
შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა
იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის
უფლება არ დგინდება. საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად სსიპ
"სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" უფლებამოსილი იქნება
მოითხოვოს ამ მიწის ნაკვეთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის
აკრძალვა. მსგავსი შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, დაინტერესებულ
პირებს ექნებათ ერთ წლიანი ვადა იმისათვის, რომ მოითხოვონ სახელმწიფოს
საკუთრების გაუქმება და კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მათი უფლების
რეგისტრაცია. ვადის ამოწურვის შემდეგ, ქონების ეროვნულ სააგენტოს
ენიჭება უფლებამოსილება განკარგოს, მათ შორის გაასხვისოს, სახელმწიფოს
სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.
კანონში ცვლილებების მიმართ შენიშვნები აქვს "საერთაშორისო
გამჭირვალობა-საქართველოს". მთავარი იურისტის თეა ზაქარაშვილის თქმით,
ორგანიზაცია ამ ცვლილებაში კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის
რისკებს ხედავს.
"პარლამენტში საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებაა შესული ,
რომლის განხილვაც ამ ეტაპზე შეჩერებულია. რამდენადაც ჩვენთვის
ცნობილია, მთავრობა მის უკან გატანას აპირებს. კანონპროექტი, თავის
შინაარსით, საფრთხეს უქმნის საკუთრების საკითხს. შეიძლება მოქალაქეებს
შეეზღუდოთ ან აღარ მიეცეთ შესაძლებლობა დაირეგისტრირონ მიწები,
რომელსაც ახლა ფლობენ. რეკომენდაციაში მივუთითეთ, რომ უნდა
გამოითხოვონ ეს კანონპროექტი და სწორედ იმ სტრატეგიის ფარგლებში,
რომელიც იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცა, შეიქმნას ახალი კანონპროექტი
რომელიც ამ საკითხს მოაწესრიგებს. "-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა
არსებობს.
"კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, შესაძლოა, სახელმწიფოს
საკუთრებად დარეგისტრირდეს. ხარვეზიანი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის
მქონე პირები დაკარგავენ მიწაზე საკუთრების მოპოვების შესაძლებლობას.
იმ პირებმა, რომლებიც ფლობენ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, ერთი წლის
ვადაში შეიძლება ვერ მოახერხონ საკუთრების რეგისტრაცია. თვითნებურად
დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება
მნიშვნელოვნად გართულდება. "
პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ალტერნატიული
კანონპროექტი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიტანა, რომლის
განხილვაც 11 მარტს მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები