საქართველოს აგრალურ ბაზარში ბიზნესოპერატორს ხორცის სარეალიზაციოდ
"ფორმა 2" მოეთხოვება, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი
საქონელს სასაკლაოზე დაკლავს. თავის მხრივ, აღნიშნული დაწესებულება
გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით, 2015 წლიდან საფრთხის ანალიზისა და
კრიტიკული საკონტროლო წერტილების (
HACCP) დანერგვა
საქართველოში სავალდებულო გახდა. აღნიშნული სისტემის პრინციპები ჯერ
კიდევ 1970 წელს აშშ-ში შემუშავდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად
მიიჩნევა.
HACCP-ი
საერთაშორისოდ აღიარებული უვნებლობის მართვის ყველაზე გავრცელებული
სისტემაა, რომელიც სურსათით გამოწვეული საფრთხეების დადგენასა და მათ
პრევენციას ემსახურება.
საქართველოში ამ პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს.
მისი წარმატებულად განხორციელების შემდეგ, სახელმწიფო ოფიციალურად
აღიარებს და დაადასტურებს, რომ ესა თუ ის საწარმო სურსათის უვნებლობის
წესებს იცავს. საქონლის სასაკლაოზე დაკვლის წესსა და სასაკლაოს
მოთხოვნებს მთავრობის #55 დადგენილება არეგულირებს.
იორმუღანლოს თემში აგრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოქმედი სასაკლაო
ყოველდღე მუშაობს. აქ არამარტო ბაზარში გასაყიდ საქონელს კლავენ,
არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათი მომსახურებით ისარგებლოს.
როგორც ვეტერინარი ექიმი დავით ჯავახიშვილი გვეუბნება, 2015 წლის
დეკემბრიდან მათ
HACCP -ის
(საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) პრინციპები
უკვე დანერგეს და მხოლოდ ჯანმრთელ საქონელს კლავენ.
"პიროვნებამ, რომელსაც საქონელი შემოჰყავს, უნდა წარმოადგინოს
პირადობა. ამის შემდეგ ცოცხალი ცხოველის თერმომეტრიზაცია ხდება.
საქონლის ტემპერატურის ნორმა 37,5-დან 39 გრადუსამდეა დასაშვები, ორი
ხაზითაც რომ იყოს აწეული, არ დავკლავთ. არის შემთხვევები, როდესაც
საქონელს ტემპერატურა სტრესის გამო აქვს მომატებული. მას გავაჩერებთ
ნახევარი ან ერთი საათით და თუ ნორმაში ჩადგა, ვკლავთ."
სასაკლაოზე მსხვილფეხა პირუტყვის გარდა, წვრილფეხაც იკვლება. ამის
გათვალისწინებით, ცხვრისა და ძროხისთვის 2 ხაზი მუშაობს.
"როდესაც ერთი სახეობა იკვლება, კეთდება დეზინფექცია სპეციალური
საშუალებით, რომელიც სურსათისთვის უვნებელია. დაახლოებით ნახევარი
საათის შემდეგ უკვე მეორე სახეობას ვკლავთ. თუ ხორცი დავიწუნე,
სპეციალურ მაცივარში ვინახავთ და ველოდებით ლაბორატორიის დასკვნას.
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ვწვავთ, ან სპეციალურ ორმოში ვყრით,
რომელიც დაცულია. თუ ხორცი ჯანმრთელია, გავცემთ "ფორმა-2-ს."
ყოველდღე დილის 6-დან 9 საათამდე და საღამოს 6-დან 9-მდე მუშაობენ,
მაგრამ ბაზრობის დღეს (პარასკევი და კვირა) უფრო მეტ საქონელს კლავენ.
სასაკლაოზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ნარეცხი წყალი
სპეციალურ საკანალიზაციო ორმოებში ჩაედინება.
"რაც შეეხება შიგნეულს, ძირითადად მეპატრონეს მიაქვს, თუ არადა,
გვაქვს სპეციალური ორმო და იქ ვყრით. ჩვენი სასაკლაო ევროსტანდარტებს
აკმაყოფილებს," _ აღნიშნა მან.
საქართველოში 90-ზე მეტი სასაკლაოა. სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილი პირები პერმანენტულად ამოწმებენ. ეს არის გეგმიური
ინსპექტირება, რომელიც წელიწადში ორჯერ ხორციელდება.
"მოწმდება ცხოველთა მოყვანა, მიმღები ბაზა, დაკვლისწინა შემოწმების
პროცესი, ტემპერატურული რეჟიმი, ჰიგიენური პროცესები და ა.შ. რაც
შეეხება არაგეგმიურ შემოწმებას, მას თავისი საფუძველი აქვს. წინასწარ
ვერავინ განსაზღვრავს, როდის და რომელ საწარმოს შევამოწმებთ," -
ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხარისხის დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე პაატა ქურდაძე.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მოხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილი პირების მიერ გაცემული რეკომენდაციების გადამოწმება, რა
დროსაც უკვე დაფიქსირდება სად არის დანერგილი საფრთხის ანალიზისა და
კრიტიკული საკონტროლო წერტილები და სად - არა.
"რაც შეეხება "ფორმა 2"-ს, ის არის გადაადგილების საშუალება და
ვეტერინარული მოწმობა, რომ ნედლეულმა გაიარა დაკვლისწინა და დაკვლის
შემდგომი შემოწმება. ის წლების წინ დაინერგა. პიროვნება პირველ რიგში
ბიზნესოპერატორად უნდა დარეგისტრირდეს, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს
ფორმა ორს." - განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხარისხის
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
იორმუღანლოს თემის სოფლებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ქუჩაში
გამოტანილ ხორცს, რომელიც არაჰიგიენურ პირობებში იყიდება. ტრანსპორტის
გამონაბოლქვი და მტვერი პროდუქტს კიდევ უფრო აბინძურებს. "სპექტრი"
ერთ-ერთი ასეთი რეალიზატორის დოკუმენტაციით დაინტერესდა. ველი
სულეიმანოვმა დეკემბერსა და იანვარში გაცემული "ფორმა-2" გვაჩვენა,
თუმცა, ახალი საბუთი არ აღმოაჩნდა, რაც შემდეგი არგუმენტით ახსნა.
"საქონელი ჩემია. ერთი სული დავკალი. ნახევარი მეგობარმა წაიღო და
საბუთიც იმას აქვს. აბა, ექიმის გარეშე ხორცს ვინ გაგაყიდინებს.
ბოინში იმიტომ ვაკვლევინებთ, რომ რაიმე დაავადება არ ჰქონდეს. ის
ნაჭერი, რომელზეც ბეჭედი ჰქონდა, უკვე გაიყიდა."
იორმუღანლოს თემის მიმდებარედ, სოფელ ბადიაურში კიდევ ერთი სასაკლაო
ფუნქციონირებს შპს "ფერმა". როგორც ველი სულეიმანოვმა გვითხრა,
საქონელი სწორედ ამ სასაკლაოზე დაკლა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში
განაცხადეს, რომ ამ დროისთვის შპს "ფერმას" ჰასპის პრინციპი ჯერ არ
დაუნერგავს. მათივე განმარტებით, ოპერატორს რეკომენდაცია უკვე მისცეს.
თუ მან მითითებები სამი თვის ვადაში არ შეასრულა, სასაკლაოს
დახურავენ.
ვიდრე საქართველოში ყველა სასაკლაო საფრთხის ანალიზისა და კრიტიკულ
საკონტროლო წერტილებს დანერგავს, მომხმარებელი ფაქტობრივად ფორმა 2-ის
მიხედვით ვერ გაარჩევს, ჯანმრთელობისთვის რამდენად უსაფრთხოა ბაზარში
სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცი.
საქართველოში მუშაობენ კომპანიები, რომელთაც აქვთ
HACCP-ის
საკონსულტაციო სერვისი. მათ შორისაა შპს
Iso-Consalting პროექტების მენეჯერის ივანე დიდბერიძის თქმით, იმ
სასაკლაოებზე წარმოებული ხორცი, სადაც თანამედროვე სტანდარტები უკვე
მოქმედებს, უვნებლად ითვლება.
"ასეთ საწარმოებში ყველაფერია გათვალისწინებული იმისთვის, რომ
საქონელი წესების შესაბამისად დაიკლას. თუ სასაკლაო არ აკონტროლებს
დაკვლის ყველა ეტაპს, შესაძლებელია ხდებოდეს პროდუქტის დაბინძურება
არასათანადო სტერილიზაციით და ტემპერატურული რეჟიმის არასათანადო
დაცვით. ამიტომ იქ წარმოებული პროდუქტიც ჯანმრთელობისთვის
საზიანოა."-აღნიშნა მან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რადგან ინსპექტირების და
შესვლის თარიღი სასაკლაოზე სხვადასხვაა, შესაბამისად, საფრთხის
ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვის ვადებიც
განსხვავებულია. მათივე ინფორმაციით, სასაკლაოების 80%
მზადაა
HACCP-ის
დასანერგად და შესაბამის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
მასალის გამოყენების პირობები