სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს სააგენტოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ზაზა დოლიძის განცხადებით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის მასშტაბები, განხორციელდა 7067 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება, რაც 3-ჯერ აღემატება წინა წლის მონაცემებს; ინსპექტირებულია 910 საბავშვო ბაგა-ბაღისა და 361 სკოლის სასადილო, ანუ 93%-ით მეტი, ვიდრე 2014 წელს;
კონტროლის მასშტაბების გაზრდის შედეგად, შემცირდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამოვლენის ფაქტები; გამკაცრდა კონტროლი ღვინოზე და სხვა ალკოჰოლიან სასმელებზე; ახალი რეგულაციების შესაბამისად, გმო-ს კვლევა ჩაუტარდა სხვადასხვა დასახელების სურსათის 80 ნიმუშს; რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტებმა აიღეს 130 ნიმუში;
წელს პირველად განხორციელდა სამკურნალო დაწესებულებების კვების ბლოკების, უმწეოთა სასადილოების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების გეგმური ინსპექტირება; ბიზნესოპერატორების იდენტიფიკაციისა და ინსპექტირებისათვის დაინერგა ელექტრონული აღრიცხვის სისტემები; ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად განხორციელდა ეფექტიანი კონტროლი ცხოველთა ჯანმრთელობაზე; გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად შემცირდა ვექტორული დაავადებების (ცხოველებისა და ადამიანების საერთო საშიში გადამდები დაავადებები) გავრცელების რისკი; მიმდინარეობს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს დაავადებების პრევენციას და კონტროლს, მიკვლევადობას; სანაშენე მეცხოველეობის განვითარებას, ექსპორტ-იმპორტის წახალისებას. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგადაც განადგურებას გადაურჩა 6 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
საქართველოდან ექსპორტირებულ მცენარეულ პროდუქციაზე შეუსაბამობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა; ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიზნით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები სურსათის უვნებლობაში, ვეტერინარიასა და ფიტოსანიტარიაში.
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის მუშაობა დადებითად შეაფასა.
მასალის გამოყენების პირობები