მოვაჭრეთა განცხადებით, უხვმოსავლიანობის ფონზე, შემცირებულია საზამთროს რეალიზაცია.
კახელი გლეხების თქმით, უხვმოსავლიანობას ხელი კლიმატურმა პირობებმა შეუწყო. მათივე განცხადებით, წლეულს კახეთში გლეხებმა სამ მილიონ ტონამდე საზამთროს მოსავალი მიიღეს. შარშან კი საზამთროს საერთო რაოდენობა 1 მილიონ ტონასაც კი არ აღემატებოდა.
უხვმა მოსავალმა საზამთროს ფასზეც იქონია გავლენა და 1 კგ საზამთროს ფასი 0,60 თეთრის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ადგილზე მისი შეძენა 0,40-45 თეთრად არის შესაძლებელი. შარშან საზამთროს ფასი 0,80-1,00 ლარსაც აღწევდა.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ რეალიზაცია განახევრებულია, რეალიზაციის შემცირებას კი რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირებენ.
"წელს საზამთროს კარგი მოსავალი მოვიდა, ფასის დაკლებაც ამან განაპირობა. შარშან დღეში 700 ლარის საზამთროს რომ ვყიდდი, უკმაყოფილო ვიყავი, წელს 300 ლარის რომ იყიდება, მადლობელი ვარ. ყველას უჭირს, ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ლარის კურსის ცვლილებამ ყველა ოჯახზე იმოქმედა. ხარჯიც ბევრი მაქვს, საზამთროს ადგილობრივი გლეხებისგან ვყიდულობ, ტრანსპორტირების ხარჯი 3 თეთრია. 1 კილოგრამზე 10-12 თეთრი მრჩება. 2-3 ტონაზე მეტი ვერ ჩამომაქვს და თითქმის ერთ კვირაში ვყიდი”, -აცხადებს მოვაჭრე ალექსანდრე კუპრაშვილი.
ყველაზე კარგი მოსავალი დედოფლისწყაროს რაიონში დაფიქსირდა. თუმცა, საზამთროს მოთხოვნაზე შემცირებამ გლეხებს პრობლემები შეუქმნა. "მართალია წელს კარგი მოსავალი მივიღეთ, თუმცა რეალიზაცია შემცირებულია. შარშან ამის პრობლემა არ გვქონდა. საზამთროს მოყვანა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 1ჰა საზამთროს მოყვანა 1200 ლარი ჯდება. შარშან მოსავალი გვალვამ გაანადგურა, წელს კი მისი გაყიდვა გვიჭირს", - აცხადებენ კახელი გლეხები.
რაც შეეხება ნესვს, 1 კგ. ნესვის ყიდვა 70-80 თეთრად არის შესაძლებელი. კახელი გლეხების განცხადებით, მათ ასევე უჭირთ ნესვის რეალიზაცია.
”ხარჯებს თუ გავითვალისწინებთ, ნესვზე მოგება საერთოდ არ გვრჩება. ერთი ის არის, რომ ადგილში ფასს არ ვიხდით, მხოლოდ ნებართვაა საჭირო”, - აცხადებენ მოვაჭრეები.
წყარო - bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები