სოფლის მეურნეობის სამინისტროს თელავისა და სამტრედიის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს სათესლე და სარგავი მასალის შესახებ საველე ინსპექტირების ტრენინგები ჩაუტარდათ.
სამინისტროს ინფორმაციით, მეთესლეობის სისტემის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საველე ინსპექტირების ტრენინგები, საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა რეგიონში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული პროგრამა საქართველოში ავსტრიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხელშეწყობით ხორციელდება და მისი მიზანი მწარმოებელთა ჯგუფისთვის თესლის წარმოებაში, მის დამუშავებასა და ხარისხის კონტროლში ტექნიკური უნარების განვითარებაა.
მათივე ცნობით, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას და სერთიფიცირების სფეროში გაეღრმავებინათ პროფესიული ცოდნა. პრაქტიკულ ნაწილში, კასპისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მათ განახორციელეს საველე ინსპექტირება და FAO-ს ექსპერტის ხელმძღვანელობით ხორბლის ნათესების აპრობაცია მოახდინეს, სადაც 4 სხვადასხვა სახეობის თავთავიანი კულტურების მინარევები გამოავლინეს.
ტრენინგის დასკვნითი ნაწილი ჩატარდა ქალაქ გიუმრში, სომხეთში, სადაც ქართველი მეცნიერები გიუმრის სასელექციო სადგურს ესტუმრნენ, დაათვალიერეს სადემონსტრაციო ნაკვეთები და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ანალოგიური ნათესების აპრობაცია ჩაატარეს, შეხვდნენ სასელექციო სადგურის დირექტორს, რუბიკ კარახანიანს და ისაუბრეს სერთიფიცირების სფეროში არსებულ საერთო პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნეს, თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების სისტემის აღდგენა ქვეყანაში ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რაც მრავალ კომპონენტთან ერთად პერიოდულად, მსგავსი ტიპის ტრენინგების ორგანიზებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები