გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში ძროხების მასობრივი დაცემის მიზეზი კვლავ გაურკვეველია.
როგორც ჩვენთან საუბრში სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ზურაბ ვეფხიშვილი განმარტავს, მას შემდეგ, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფელი დატოვეს პირუტყვი აღარ დახოცილა.
ზურაბ ვეფხიშვილის განცხადებით, არსებული პრობლემის შესახებ დაიდო სავარაუდო დასკვნა, რომლის მიხედვითაც პირუტყვი მოწამვლის შედეგად დაიხოცა. "საბედნიეროდ, იმ შემთხვევის შემდეგ არც ერთი ძროხა არ მომკვდარა. სწორედ ამის გამო, ჩვენს ვეტერინარებს არ მიეცათ საშუალება, არსებული პრობლემა ლაბორატორიულად გამოეკვლიათ და შეესწავლათ. მოგეხსენებათ, გამოკვლევის ჩასატარებლად მკვდარი პირუტყვია საჭირო."
მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ საკითხთან დაკავშირებით ანგარიში მოითხოვა. ზურაბ ვეფხიშვილის თქმით, გამგეობასაც სავარაუდო ვერია წარუდგინეს. "თავიდანვე ვამბობდით, რომ საქონელი შეიძლებოდა მოწამლულიყო, რადგან იმ პერიოდში ატმის ბაღები იწამლებოდა. დიდი ალბათობით პირუტყვმა მოწამლული ბალახი მოძოვა. დასუსტებულ ძროხებს სიმპტომებიც შესაბამისი ჰქონდათ".
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ ყიტაანში და მიმდებარე სოფლებში ვეტერინარები დაკვირვებას კვლავ აწარმოებენ, თუმცა კონკრეტულად ჯერ არაფერი გამოვლენილა.
შეგახსენებთ, რომ ყიტაანში პირუტყვის მასობრივი დაცემა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები პრობლემის შესასწავლად ადგილზე ჩავიდნენ, თუმცა უშედეგოდ. პირუტყვის გამოკვლევა არ მოხერხდა, რადგან ლაბორატორიული გამოკვლევა მკვდარ ცხოველს უნდა ჩასტარებოდა.
ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მკვდარ პირუტყვს მარხავდნენ, თუმცა დამარხული საქონელიც არსად მოიძებნა. როგორც მოგვიანებით გაირკვ,ა მოსახლეობა დაცემულ და დასუსტებულ საქონელს ჩვენთვის უცნობ ვაჭრებზე იაფად ჰყიდდა. ამ ეტაპზე კვლავ დაუდგენელია ვინ იყვნენ აღნიშნული პირები და სად მიჰყავდათ დაავადებული საქონელი.
მასალის გამოყენების პირობები