ანაგისა და ვაქირის მოსახლეობა მიწის დამუშავებას სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის არარსებობის გამო ვერ ახერხებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ანაგაში ვანო გოგოლაშვილმა განმარტა, რომ პრობლემა აქტუალურია და დროულ გადაჭრას საჭიროებს:
- "გასულ წელს კიდევ კარგი მშრალი ამინდები იყო და ხალხმა მოსავლის გამოტანა მოახერხა, მაგრამ წვიმიან ამინდში ამას ვერ შეძლებენ. ნაპირები ბარდებით არის დაფარული და იქამდე მისვლა ჭირს. გზა აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს."- აღნიშნა მან.
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის ირინა ფხოველიშვილის თქმით, მსგავსი პრობლემები კახეთში სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტუალურია. გზა არ არსებობს, დაუმუშავებელი მიწის გამო კი სანქციებს აწესებენ.
ახალი ინიციატივის თანახმად, გლეხებს სანქციები დაეკისრებათ, თუკი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ/ ან არ დაამუშავებენ.
აღნიშნული კანონპროეექტის განხილვა უკვე მიმდინარეობს.
ირინა ფხოველიშვილის თქმით, სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების გამო, ამ კანონის მიღება დანაშაულია.
"სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადებას უნდა მოჰყოლოდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ვსაუბრობთ ნახევრმილიონიანი ტექნიკის შემოყვანასა და მინდვრებამდე მიყვანაზე, აუცილებელია იყოს გამართული სარწყავი სისტემა და გზა. მოგეხსენებათ, ინტენსიურად ხდებოდა სადრენაჯე მილების ამოღება და გაყიდვა, ამან გამოიწვია მიწების დამლაშება, ნიადაგის ხარისხიანობის დაქვეითება, იქ მოსავლის მოყვანა შეუძლებელია. გასატარებელია რიგი ღონისძიებები. ამის გაკეთებას ფერმერი ვერ შეძლებს, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო პოლიტიკა, მოხდეს მიწების გაკეთილშობილება, ინფრასტრუქტურისა და სარწყავი სისტემის მოწყობა, მერე ვისაუბროთ ვინ შეძლებს დამუშავებას და არა. ისეთ კანონის მიღება, მიწას ვინც ვერ/ ან არ დაამუშავებს დაისჯებაო, უკვე დანაშაულია. გარკვეული უნდა იყოს, რატომ ვერ დაამუშავა მიწა და ამის მიხედვით განხორციელდეს სანქციები."
მასალის გამოყენების პირობები