სიღნაღში, სასტუმრო ფიროსმანში მეოთხე ჯგუფის ტრენინგებს ესწრებოდა -
როგორც ახალბედა, ასევე, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიაში
მუშაობის გამოცდილების მქონე კადრი.
თუმცა, ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია, რომ სემინარი თითოეულ მათგანს
ერთნაირი ინტერესით მოესმინა.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი
რობიტაშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში 14-წლიანი ჩართულობის
მიუხედავად, ტრენინგზე ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღო.
„სემინარებმა უაღრესად პროდუქტიულად იმოქმედა ჩვენზე. ეს აუცილებლად
შეუწყობს ხელს, მომავალში საარჩევნო ადმინისტრაციების კვალიფიციური
კადრით დაკომპლექტებას. საარჩევნო პროცესი უფრო სამართლიანი და
უკონფლიქტო იქნება, რადგან ამ პერიოდში ვისწავლეთ როგორც საარჩევნო
პროცესთან დაკავშირებული კაზუსები, ასევე ადამიანებსა და პარტიებს
შორის ურთიერთობაც.“
სიღნაღის #13 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მანანა
მჭედლიშვილის განმარტებით, მსგავსი ტრენინგები სხვადასხვა პარტიის
წარმომადგენლებთან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.
„პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც სემინარებში ჩაერთნენ,
გარკვეულწილად, გათვითცნობიერებულები არიან კანონმდებლობაში.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ეს ტრენინგი, მათ ძალიან ბევრს მისცემთ.
საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გვქონდა გარკვეული ხარვეზები. არ
იყო თანამშრომლობა თვითონ პარტიების წარმომადგენლებს შორის. მართალია,
ადმინისტრაციასთან კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ გარკვეული პარტიის
წარმომადგენლებს ჰქონდათ განცდა, რომ მათ საჯარო ინფორმაციას
დავუმალავდით. ვფიქრობ, ეს ტრენინგი მათთვის კარგი შედეგის მომცემი
იქნება ამ კუთხითაც.“
სემინარის მონაწილეებმა, აქცენტები გააკეთეს კონფლიქტების მართვაზე.
როგორც პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა მედეა
ცაბუტაშვილმა განმარტა, ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენება ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული
არჩევნების ჩატარებას.
„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძირითადად კონფლიქტების ერთ - ერთი
მიზეზია ის, რომ ჩართულმა მხარეებმა არ იციან საარჩევნო კოდექსი. არ
იციან თავიანთი უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა. აქ იყვნენ
სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და ყველამ ერთად გავიაზრეთ, რომ
საარჩევნო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა ყველა ტიპის კონფლიქტის თავიდან
აცილების საშუალებას მოგვცემს.“
შეგახსენებთ, რომ პროექტს „საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების
ხელშეწყობა-თვითმმართველობის ლეგიტიმური არჩევნებისთვის“ ახორციელებს
ჟურნალისტთა ასოციაცია - საზოგადოებრივი განვითარების კავშირი
„მეცენატი“, ფინანსური მხარდამჭერია ცესკო-ს საარჩევნო სისტემების
განვითრების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
მასში ჩართულია 24 პარტიის 120 წარმომადგენელი, რომლებიც ხუთ ჯგუფად
არიან გადანაწილებული. ამ დროისთვის ტრენინგი უკვე გაიარა 94-მა
მათგანმა.
მასალის გამოყენების პირობები