ლანა გულოშვილი
გასულ კვირას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და კოალიცია `ქართულ ოცნებას~ არჩევნებში მონაწილეობისთვის #41 მიანიჭა. ცესკო-ს ინფორმაციით, წილისყრის ჩატარება საჭირო აღარ გახდა, რადგან ნომრის გარეშე მხოლოდ ერთი გაერთიანება იყო დარჩენილი. კოალიციას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება #7-ით სურდა, ამიტომ გაერთიანების ლიდერებმა ცესკო პოლიტიზირებულობაში დაადანაშაულეს.
თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ `ქართული ოცნების~ ბრალდებას შემდეგი არგუმენტით უპასუხა: `საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, თუ საარჩევნო ბლოკი შექმნეს პარტიებმა, რომელთაგან წინა არჩევნებში ერთ-ერთ მათგანს მონაწილეობა არ აქვს მიღებული, გაერთიანებაში შემავალი სხვა პარტიის რიგით ნომერს ვერ გამოიყენებენ. ამ განმარტების მიხედვით `ქართულ ოცნებას~ მასში შემავალი პარტია `კონსერვატორების~ რიგითი საარჩენო ნომრის გამოყენების უფლება არ მიეცა. მკვლევარი საარჩევნო საკითხებში ნინა ხატისკაცი განმარტავს, რომ ცესკო-ს ჰქონდა საშუალება დაემტკიცებინა, რომ ის არის აპოლიტიკური, თუმცა სხვაგვარად მოიქცა: "იურისტებმა, შესაძლოა, იდავონ ამ საკითხებზე, მაგრამ რეალურად საარჩევნო კანონმდებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ავალდებულებს თავის გადაწყვეტილებებში იყოს თანმიმვდევრული, ეს არის კანონის მოთხოვნა. ჩვენ გვახსოვს 2010 წლის არჩევნები, როცა ზუსტად იდენტურ შემთხვევებში მას არ გასჭირვებია იმავე ბლოკისთვის ამ ნომრის მინიჭება, თუმცა მაშინ გაერთიანებაში სხვა პარტიებიც შედიოდნენ, რომლებიც წინა არჩევნებში არ იღებდნენ მონაწილეობას. საარჩევნო კომისია არ იყო თანამიმდევრული და არ მიიღო ერთგვაროვანი გადაწყვეტილება. ეს იყო ნამდვილად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სხვა რომ არაფერი ვთქვათ, დაკავშირებულია დიდ ფინანსურ პრობლემებთან".
მასალის გამოყენების პირობები