საკრებულოებმა საარჩევნო პლაკატების გასაკრავად შესაბამისი ადგილები განსაზღვრეს
ლანა გულოშვილი
რამდენიმე დღის წინ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო პლაკატების გასაკრავად ადგილების განსაზღვრის შესახებ განკარგულება გამოსცეს. `სპექტრის~ მიერ ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანოებმა, გადაწყვეტილებები მიიღეს საქართველოს ორგანული კანონის `საქართველოს საარჩევნო კოდექსის~ 46-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოების განკარგულება იდენტურია. ტექსტში მხოლოდ ადგილობრივი თვითმართველობის და სხვა სტრუქტურების მისამართებია შეცვლილი. ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და სიღნაღის საკრებულოებმა განკარგულება 30 მაისს დაამტკიცეს. გურჯაანის საკრებულომ კი ეს ბრძანებულება 6 ივნისის რიცხვით მიიღო. `სპექტრი~ ამ მასალას უცვლელად გთავაზობთ, განსხვავებული პუნქტები მინიშნებულია ფრჩხილებში.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო პლაკატების გასაკრავად (გამოსაფენად) ადგილების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის `საქართველოს საარჩევნო კოდექსის~ 46-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, 1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გამოსაკრავად განისაზღვროს შემდეგი ადგილები: ა) კულტ-სახლების ფასადები და მათი კაპიტალური მესერი. ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების კაპიტალური მესერი. გ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი, გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა. აგრეთვე მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი. დ)სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ღამის განათების ბოძებზე-სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებული კვანძებთან, სადენებთან და სხვა ელ.მოწყობილობებთან არაუმეტეს ერთი მეტრის სიახლოვისა. (შენიშვნა: სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულს განკარგულების `დ~ მუხლში მცირე განსხვავებაა, აქ არ არის მითითებული `სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით.~ ავტ.) მუხლი 2. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ტერიტორიული ორგანოების შენობების, სასამართლოს, პროკურატურის და პოლიციის შენობებების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე (შენიშვნა: აღნიშნულ პუნქტში სიღნაღის საკრებულოს საერთო ჩამონათვალის ნუსხაში ქალაქის თეატრის შენობა აქვს დამატებული. ავტ.) მუხლი 3. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე (შენიშვნა: სიღნაღის შემთხვევაში, `განკარგულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე~, ავტ.) მუხლი 4. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, რაიონულ სასამართლოში. (შენიშვნა: მუნიციპალიტეტის მიხედვით მითითებულ მისამართზე ავტ).
მასალის გამოყენების პირობები