მარინა პეტრიაშვილი
გასულ კვირას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მცირე დარბაზში, საოლქო საარჩევნო კომისიის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მიწვეულები იყვნენ პრესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ სხდომა ცოტა მოგვიანებით დაიწყო, დარბაზი მაინც ცარიელი იყო _ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელსა და რამდენიმე ჟურნალისტს მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარე შემოუერთდა.
#12 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნატალია ბეგაშვილის თქმით, შეხვედრა, რომელიც მათი ინიციატივით ჩატარდა, მიზნად ისახავდა არასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აზრის მოსმენას და საარჩევნო გარემოების გაუმჯობესებას. "ჩვენ შევხვდით ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს. მიზანი იყო არასაარჩევნო პერიოდში მათი წინადადებების გაცნობა და გაზიარება. მოვისმინეთ მათი აზრი, მოვინიშნეთ და აუცილებლად წარვადნეთ ცესკოში. მოკლედ, ვეცდებით გავითვალისწინოთ ყველა ის წინადადება, რაც მათ შემოგვთავაზეს. აქ გამოიკვეთა საარჩევნო სიების პრობლემა, რაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ. წარმოდგენილი იყო კიდევ სხვა წინადადებები, რომლებიც საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებებს საჭიროებს, ამიტომ ახლა ამაზე პასუხის გაცემა ძნელია,"_ გვითხრა ნატალია ბეგაშვილმა, რომელიც მცირერიცხოვანი აუდიტორიის მიუხედავად შეხვედრით მაინც კმაყოფილი დარჩა.
ოპოზიციური პარტიების მთავარ მოთხოვნას საარჩევნო სიების კორექტირება წარმოადგენდა, რადგან მათი თქმით, ამ მიმართულებით თითქმის ყველა უბანზე შეიმჩნევა დარღვევები: სიებში გაორება, მკვდარი სულები, არაზუსტი მისამართები და სხვ. გურჯაანის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელის ზვიად ყვირალაშვილის თქმით, მისთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუკი მას შედეგი მოჰყვება. თუმცა ამ შემთხვევაში არანაირ ცვლილებას არ მოელის და ფიქრობს, რომ ამ შეხვედრას აზრი არ ჰქონდა."ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდებოდა, მაგრამ ის, რომ საოლქოს მეშვეობით რეგიონებიდან ინიციატივები გაიგზავნოს ცესკოში, ნამდვილად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მე, როგორც პარტიის წარმომადგენელმა შევთავაზე წინადადებები, მაგრამ საეჭვოა გაითვალისწინონ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან მიზანს მაინც მივაღწევთ," _ გვითხრა ზვიად ყვირალაშვილმა და იქვე დასძინა, რომ არჩევნების დროს პირველი და მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, სიებია და ამ ხარვეზების აღმოფხვრა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტების საშუალებით შეიძლება. "აქ იყო იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც ყველა არჩევნებს ახლავს, ეს არის საარჩევნო სიები. ამ ხარვეზების მოგვარების ერთადერთი საშუალებაა არჩევნებში მონაწილეობა ბიომეტრიული პასპორტებით, რომელიც ყველანაირ გაორებას გამორიცხავს. სავარაუდოდ, ეს სიახლე პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისში დაინერგება, რეგიონები კი ამ პროცესში მოგვიანებით ჩაერთვება, რაც ძალიან ცუდია," _ ამბობს გურჯაანის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი ზვიად ყვირალაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები