ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით,
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან,
35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი
სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
სააგენტოს ცნობით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 10
ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია.
"რთველი სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მიმდინარეობს. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 80-მდე
კომპანია და მარანია ჩართული. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი
რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ
ეტაპზე დარეგისტრირებულია 420 ღვინის საწარმო, რომელთა ნაწილი უკვე
ჩართულია ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში, ნაწილი მომდევნო
დღეებში ჩაერთვება."-აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც
2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის
რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ
ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის.
სააგენტოს ცნობით, ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501)
24-საათიანი რეჟიმში მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები