ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა
"ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით, წელს უხვი
მოსავალია. შესაბამისად, ყურძნის ფასი შემცირდა და ასევე, თუ 2 წლის
წინ ყურძენი 35 თეთრით დასუბსიდირდა, დღეს ეს მაჩვენებელი 20 თეთრამდე
შეიცვალა.
მისი განმარტებით, უკეთესი იქნება, რომ ყურძნის სუბსიდირება საჭირო
აღარ იყოს, ამისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის ექსპორტის,
ღვინოზე და ყურძენზე მოთხოვნის ზრდა.
"ამ წუთის მონაცემებით, ყურძნის გადამუშავება ჯამში 65 000 ტონას
აღემატება. დღიური გადამუშავება კი 10 000 ტონაა, რაც ნიშნავს იმას,
რომ რთველი არის აქტიურ ფაზაში. გამორჩეული რთველია, რადგან საკმაოდ
უხვი მოსავალი და კარგი ხარისხის ყურძენია. ეს წინაპირობაა იმის, რომ
წელს გამორჩეული ღვინო დამზადდება.
სანამ რთველი აქტიურ ფაზაში შევა ხოლმე, ფასებთან დაკავშირებით
გარკვეული ვნებათაღელვაა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ არის უხვი მოსავალი,
მოსალოდნელია, რომ წინა წელთან შედარებით, დაბალი ფასი იყოს, რადგან
წინა წელს ცოტა მოსავალი იყო. წელს ჯამში 300 000 ტონას ველოდებით,
ხოლო შარშან კახეთში 204 000 ტონა ყურძენი ჩაბარდა. თეთრ ყურძენზე
უკვე რამდენიმე წელია არის სუბსიდია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ 2
წლის წინ სუბსიდია იყო 35 თეთრი, ხოლო წელს - 20 თეთრია. ანუ
სახელმწიფო ცდილობს შეძლებისდაგვარად შეამციროს და გამოვიდეს ფასის
სუბსიდირებისგან.
შეგახსენებთ, რომ ის კომპანიები, რომლებიც არანაკლებ 1 ლარს
გადაიხდიან რქაწითელში, დაუსუბსიდირდებათ 20 თეთრი. სუბსიდირება
სოციალური ფაქტორის გამო ხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დარგის
მიღმა არის ხალხი და სწორედ ამის გათვალისწინებით ხდება სუბსიდირება",
- აცხადებს ლევან მეხუზლა.
მასალის გამოყენების პირობები