მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და უკადრებელს არ იკადრებს - ირაკლი კობახიძე
მაქვს იმედი, რომ ის წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და უკადრებელს არ
იკადრებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი
კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ
იცვალა მან ფერი. თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს, მათ შორის
იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ
გადაუკვეთავს. წითელ ხაზებზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარია
საქართველოს კეთილდღეობა, დამოუკიდებლობის დაცვა, სუვერენიტეტის
დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა, ამაში იგულისხმება
აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში.
მათ შორის იგულისხმება ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ეს ყველაფერი
ასახულია ჩვენს პროგრამაში, საქართველოს კონსტიტუციაში და მივყვებით
ამ ყველაფერს განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც ჩვენ
გვიპირისპირდებიან. ყველაფერი ნათელია, როდესაც ვხედავთ ვის მოსწონს
სალომე ზურაბიშვილის განცხადებები. მოსწონს სალომე სამადაშვილს,
ხათუნა სამნიძეს, ლევან ბეჟაშვილს და ა.შ. იმსჯელოს საზოგადოებამ სად
ვდგავართ ჩვენ და სად - სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა
კობახიძემ.
მან პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას, სალომე
ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული
განცხადებებიც გაახსენა.
„ის ფაქტი, რომ თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა
შევახსენო პრეზიდენტს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის
2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი, ის იყო
კონსპირაცია თუ რა იყო. იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და
ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე“, -
განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები