ყვარელში მომხდარ ინცინდენტში ბრალდებულები გურჯაანის სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ყვარლის ტყეში 68 წლის მამაკაცის მიმართ 24 ივნისს ჩადენილი ცემის,
არაადამიანური მოპყრობის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის
უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ
ცნეს.
მათგან ერთ ბრალდებულს 6 წლით, ხოლო მეორეს, არასრულწლოვანს - 4
წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის განცხადებით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები
დამნაშავედ ცნო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,
რომ 2022 წლის 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა
ბრალდებულმა და ასევე, ერთმა არასრულწლოვანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რის შემდეგაც მას თანხა
გასტაცეს. ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა
და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას,
რაც მობილური ტელეფონით გადაიღეს და ვიდეოს გავრცელების მუქარით,
ბრალდებულებმა დაზარალებულს რამდენიმე დღის ვადაში თანხის გადაცემა
მოსთხოვეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 26 და 27 ივნისს
დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე
მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება,
ჩადენილი ჯგუფურად), 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირადი ცხოვრების
ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელება), 178-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი
ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
(გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის
“ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა,
ჩადენილი ჯგუფურად, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა
შეხედულებების გამო) წარედგინათ.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, დამამცირებელი და
არაადამიანური მოპყრობის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის
უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და
ზომად ერთ ბრალდებულს - 6 წლით, ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულს - 4
წლით და 6 თვით თავისუფლების შეუფარდა,“ - აცხადებენ
პროკურატურაში.
მათივე ცნობით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები
ჯგუფურად ძალადობით ჩადენილი ძარცვის და ჯგუფურად გამოძალვის ფაქტებზე
გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
მასალის გამოყენების პირობები