დავით სონღულაშვილი: კომიტეტმა შეძლო ემუშავა 250 კანონპროექტზე, საიდანაც 12 მათგანი კომიტეტის ინიცირებული იყო
დღეს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა 2021 წლისა და
2022 წლის 6 თვის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ღონისძიების ფარგლებში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, კომიტეტის
საქმიანობისა და იმ მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომელზეც კომიტეტი
აქტიურად მუშაობდა.
„ჩვენ, X მოწვევის პარლამენტის დასაწყისში, ვამბობდით რომ დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იქნებოდა პლატფორმა,
რომლის საშუალებითაც კერძო და საჯარო სექტორისთვის შესაძლებელი
იქნებოდა ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაზე მსჯელობა და ვფიქრობ, ეს
მოცემულობა დღეს გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ,
იმისთვის, რომ ეს ტემპი, რომელიც კომიტეტს აქვს აღებული, აუცილებლად
შენარჩუნდეს და გაგრძელდეს მომავალშიც. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი
აქტიურად ახორციელებდა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას,
საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატის ფარგლებში მართავდა შეხვედრებს,
როგორც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან, ასევე
არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით წარმართავდა
კანონშემოქმედებით პროცესს. შესაბამისად, კომიტეტმა შეძლო განეხილა 14
საკანონმდებლო წინადადება და ემუშავა 250 კანონპროექტზე, საიდანაც 12
მათგანი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
ინიცირებული იყო,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და NDI საქართველოს ოფისის
დირექტორმა ალან გილამმა.
„დღეს, როდესაც საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულების
პროცესშია და თუ ჩვენ ვართ ლიდერები ასოცირების შეთანხმების
შესრულების კუთხით და ვამბობთ, რომ DCFTA-ს ნაწილს რაც შეეხება,
ნახევარი უკვე შესრულებულია, სწორედ ამ კომიტეტის წვლილია, რომ
ევროკავშირში არსებული რეგულაციები, კანონმდებლობა, ნორმები, წესები,
სტანდარტები ქართულ კანონმდებლობაში და პრაქტიკაში სათანადოდ
დამკვიდრდეს. რაც შეეხება ზედამხედველობას, ამ კუთხითაც
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ კომიტეტის, არამედ მთლიანად პარლამენტის
როლი, რომელმაც საკონსტიტუციო რეფორმისა და ახალი რეგლამენტის მიღების
შემდეგ საპარლამენტო ზედამხედველობის აბსოლუტურად ახალი ინსტრუმენტები
შეიძინა. დღეს მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ეს ინსტრუმენტები,
კიდევ ერთხელ, კრიტიკულად გაანალიზდეს და მოხდეს შესაბამისი
ცვლილებები და შესწორებები - ესეც გახლავთ ერთ-ერთი იმ თორმეტი
პრიორიტეტიდან, რომლითაც ახლა საქართველოს პარლამენტი მუშაობს“, -
განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიება, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და
დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით
გაიმართა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები