უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად და საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს - პაატა იმნაძე
ომიკრონის" ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება -
უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, შესაბამისად, საავადმყოფოებზე
დაწოლა მოიმატებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით მოწოდება კვლავ პირბადის
ტარება და ვაქცინაციაა.
„საეჭვო შემთხვევებს მუდმივად ვიკვლევთ. ამდენ ქვეყანაში უკვე
გავრცელებულია და საქართველოში გამოჩნდება. „ომიკრონის" ძირითადი
ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. გაცილებით უფრო
სწრაფად, ვიდრე „დელტა შტამი“. დღეს არსებული მონაცემებით, სიმძიმით
არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის
განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე გავიდა,
ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არაა და კიდევ
უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, მოიმატებს
საავადმყოფოებზე დაწოლა. რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს,
იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია
დასჭირდება.მოწოდება არის კვლავ პირბადის ტარება და რაც მთავარია,
აცრა, აცრა და აცრა არის ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ თავიდან
ავიცილოთ სიკვდილი და მძიმე შემთხვევების დიდი რაოდენობა", -
განაცხადა მან.
რაც შეეხება იმას, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა „მწვანე პასპორტის“
ვადის ცვლილებაზე და ხომ არ შეიცვალა მისი პოზიცია, რომ ე.წ. მწვანე
სტატუსი მუდმივი არ უნდა იყოს, იმნაძე ამბობს, რომ მისი პოზიციაა, რომ
ადამიანები აიცრან.
„ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ადამიანები დავარწმუნოთ, რომ აიცრან. ჩემს
პოზიციას არასდროს ვიცვლი, სანამ არ დაგროვდება საკმარისი სამედიცინო
მტკიცებულებები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩემი
თაობის ადამიანებს - ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენს ახლობლებს ჩვენი
გამოტირება არ მოუწიოთ“,- განაცხადა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები