5 ივლისს "ფორმულას" ფოტოგრაფ ვახო ქარელზე ჯგუფური თავდასხმის
ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა და
სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად მიმართა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ და გ.ხ.-მ მიმდინარე
წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე "თბილისი პრაიდის"
საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ქაშუეთის
ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე "ცხრა აპრილის" ბაღში, ტელეკომპანია
"ფორმულას" ოპერატორს ჟურნალისტური საქმიანობაში ხელი შეუშალეს და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - აცხადებენ შსს-ში.
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ
ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად
ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა"
ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულებს
4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის
პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის,
ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის
ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი.
მასალის გამოყენების პირობები