შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის მონაწილე კიდევ ოთხი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჟურნალისტის პროფესიულ
საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და
ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი
დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის
გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის
მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე
მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ
პირველის“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის
მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი
საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის
„ა“ და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ დროისთვის,
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ შვიდი
პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო
მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები ფიზიკურად
გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების, მათ შორის, „იმედის“
თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები
„პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი,
ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა
აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო
ფილები დაუშინეს
მასალის გამოყენების პირობები