ცესკო მე-11, მე-12 კლასელებთან ერთად იმიტირებულ არჩევნებს მოაწყობს
მე-11 და მე- 12 კლასელებისთვის გაზაფხულზე საჯარო სკოლების ნაწილში
ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს
ჩაატარებენ. პროგრამა მოსწავლეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა
და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
საჯარო სკოლების მოსწავლეები ისეთ საკითხებს შეისწავლიან, როგორიცაა:
არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა; დემოკრატიული
არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები;
გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესში; საქართველოს საარჩევნო
ადმინისტრაციის როლი არჩევნების ორგანიზებისა და მართვის პროცესში
(მათ შორის, ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული თანამედროვე საარჩევნო
სერვისები); ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა დემოკრატიულ არჩევნებში;
არჩევნებში ჩართული მხარეების უფლებრივი მდგომარეობა საარჩევნო
პროცესში და მათი საქმიანობის განხორციელების სახელმძღვანელო
პრინციპები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველსაყოფად;
პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან
დაკავშირებული რეგულაციები; ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით
ხმის მიცემა და დათვლა (საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს
გამოცდილების გაზიარება).
პანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს
საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ხორციელდება ორი ფორმით: 204 საჯარო
სკოლაში კურსი წარიმართება ადგილზე, პირისპირ ტრენინგის ფორმით იმ
მოსწავლეებისთვის, ვინც სწავლების პროცესს აგრძელებს საკლასო ოთახებში
– კურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ
გადამზადებული საარჩევნო ადმინისტრაციის 102 ტრენერი; 40 საჯარო
სკოლაში კურსი წარიმართება ონლაინ ფორმატში იმ მოსწავლეებისთვის, ვინც
სწავლების პროცესს აგრძელებს დისტანციურად – კურსს განახორციელებენ
სწავლების ცენტრის თანამშრომლები.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები