„დღეს როდესაც ყველა ვსაუბრობთ მსოფლიოში არსებულ საშიშროებაზე და
მოვუწოდებთ ერთმანეთს დავიცვათ წესები და დისტანცია, რა ხდება ამ დროს
გურჯაანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცხვება პური, რომელსაც
მოიხმარს გურჯაანის მოსახლეობა... არანაირი ხელთათმანი, პირბადე და
იზოლაცია...
გამყიდველი კარს გარეთ დგას, საუბრობს, კლიენტი მოდის და იგივე ხელით,
სიგარეტს რომ ეწეოდა, ემსახურება... აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ვთხოვ
უფრო მეტი ყურადღება და კონტრილი კვების ობიექტებს, იცავენ თუ არა
წესებს. ვისაც ეს ავალია, გააკონტროლოს... და თითეულმა მოქალაქემ
გავითავისოთ, რა საშიშროება შეიძლება მოვუტანოთ თავს და სხვასაც.
გამკაცრდეს კონტროლი და მოთხოვნა წესების დაცვაზე.“ - გვწერს მოქალაქე
ლალი უტიაშვილი.
როგორც გურჯაანის მუნიციპალტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
უფროსი, რამაზ ქიტიაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, პურის
საცხობი თონეების კონტროლი რეგულარულად ხორციელდება.
„სისტემატრად ვამოწმებთ პურის საცხობ თონეებს. კარდენახის ზონა დარჩა
მხოლოდ. დანარჩენები გაფრთხილებულები არიან, რომ უნდა დაიცვან
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. კერძოდ, უნდა დაიცვან ჰიგიენის
წესები, ის ვინც ეხება ღია პროდუქტს, ანუ პურს, მას არ უნდა ჰქონდეს
ფულთან შეხება. ცალკე ადამიანი უნდა იყოს გამოყოფილი, ვინც ფულს
აიღებს და ცალკე იქნება, ვინც პურს მიაწვდის მომხმარებელს. გარდა
ამისა, სისტემატურად უნდა ხორციელდებოდეს დეზინფექცია, შებურული თავით
უნდა მუშაობდეს მზელავიც და მცხობელიც და ა.შ.
თავდაპირველად, ჩვენც აღმოგვიჩენია, რომ ერთიდაიგივე ადამიანი
ემსახურება კლიენტს, მაგრამ გაფრთხილების შემდეგ, როდესაც
გადამოწმებაზე მივსულვართ, სიტუაცია ნამდვილად გამოსწორებული
გვხვდება. ხშირად ვჩერდებით რამდენიმე წუთი და პროცესს
ვაკვირდებით.“
რამაზ ქიტიაშვილის თქმით, მათთვის ცნობილია, რომ საცხობებში დაიმატეს
პერსონალი, რომელიც ფულთან იმუშავებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი
სამსახური პურის საცხობების მონიტორინგს კვირაში ორჯერ მაინც
ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები