გურჯაანიდან გავდივართ, მიხვეულ-მოხვეული გზებით ნელ-ნელა მაღლა
მივიწევთ და ზღვის დონიდან 820 მეტრზე, დაახლოებით 20 წუთში, უკვე
სოფელ ზიარში ვართ.
რამდენიმე ადგილობრივი წყლის ასავსებად ქუჩაში გამოსულა. ჩვენი
სტუმრობა ახარებთ და მეზობლებსაც გარეთ ეპატიჟებიან. თავიდანვე
პრობლემებზე გვიწყებენ საუბარს, გვეუბნებიან, რომ არც მაღაზია აქვთ,
არც აფთიაქი, არც უბნის ექიმი ჰყავთ და არც ტრანსპორტი ემსახურებათ.
არ არის საბავშვო ბაღი და სკოლა, თუმცა არც სჭრდებათ, ამ სოფელში ხომ
ბავშვები საერთოდ არ არიან.
ადგილობრივებს წამლისა და პროდუქტების საყიდლად გურჯაანში უწევთ
სიარული. თუ გაუმართლათ, გამვლელ მანქანას რაიონულ ცენტრამდე მალევე
გაჰყვებიან, თუ არადა ლოდინი საათობით უწევთ.
ლამარა გუგულაშვილი 80 წლისაა. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა
და ახლა მარტო ცხოვრობს. ტელევიზიით საინფორმაციო გადაცემებსაც
ყურადღებით უსმენს და ქვეყნის ამბებს პრესითაც ეცნობა. ამბობს, რომ
კითხვის გარეშე არ შეუძლია.
“ჩვენს სოფელში პრობლემებს რა დალევს. ყველაფერი გვიჭირს, არც
აფთიაქია და არც მაღაზია, მთავრობამ რა უნდა ქნას?! ეს ხომ კერძო
ბიზნესის საქმეა, 22 ოჯახზე ვინ გააკეთებს რამეს. ამ სოფლიდან ხალხი
გურჯაანში კომუნისტების დროს წაიყვანეს, რადგან მუშა ხელი
სჭირდებოდათ, თორემ ადრე ბევრნი ვცხოვრობდით. აქ თითქმის სულ
პენისონერებიღა დავრჩით, ერთი ბავშვიც კი არ არის. მთის კანონი რომ
შემოვიდა, ცოტა შეღავათია, პენსია 216 ლარამდე გაგვეზარდა.
დახმარებასაც ვიღებდი, რამდენიმე წელი, მაგრამ მომიხსნეს, ასე მითხრეს
ნაკვეთი გაქვსო, მაგრამ მარტოხელა მოხუცს სად შემიძლია მაგ ნაკვეთის
დამუშავება?“
გივი ტუნკიშვილი გვიყვება, რომ ერთ დროს მათ სოფელში ხალხმრავლობა
იყო, შემდეგ კი უგზოობისა და გაპარტახებული ინფრასტრუქტურის გამო,
დაიცალა. 22-მა ოჯახმა წლების წინ ისევ მოახერხა თავის მიწა-წყალს
დაბრუნებოდა. ვინც ვერ დაბრუნდა, მამაპაპისეულ ალაგს არ ივიწყებს და
პერიოდულად სტუმრობს.
„ადრე დაახლოებით 200 კომლი ცხოვრობდა. ახლა სულ უფროსი ხალხი
დავრჩით, ვინც იღუპება, იმათი სახლები იკეტება. ამაზე გული გვწყდება
მეც და ჩემს თანასოფლელებსაც. ზოგი რუსთავში ცხოვრობს, მაგრამ მაინც
არ ივიწყებს თავის ფესვებს, დროს გამონახავენ და საქეიფოდ ამოივლიან
ხოლმე.“
85 წლის ზურაბ ნადაშვილის დილა ადრიანად იწყება. საქმე ბევრია,
ცხვრებსა და ქათმებს მიხედვა სჭირდებათ, შემდეგ ფუტკრებზეც უნდა
იზრუნოს. სახლში მარტო ცხოვრობს, შვილიშვილები და შვილთაშვილები
მხოლოდ არდადეგებზე თუ ესტუმრებიან და ეზოს ააჟრიამულებენ.
„თუ გურჯანში წასვლა მინდა, შარაზე გავდივარ ხოლმე, შეიძლება უცბად
წავიდე, შეიძლება 2 საათი ვიდგე გაჩერებაზე. ამ ზამთარს ძალიან დიდი
თოვლი მოვიდა, ერთი პერიოდი ტრანსპორტი საერთოდ არ დადიოდა აქეთ.
წამალი თუ დამჭირდა, მაგისთვისაც გურჯაანში უნდა წავიდე, სოფელში არც
ექიმი გვყავს, ან არაშენდაში უნდა წავიდეთ, ან რაიონში.“
სოფელი ზიარი ულამაზესი ბუნებითა და მდებარეობით გამოირჩევა, მდიდარია
არქიტექტურული ძეგლებითაც, რომელთაგან აღსანიშნავია გვიანი შუა
საუკუნეების ღვთისმშობლის, უსანეთის, ქაშუეთის დარბაზული ტიპის
ეკლესიები, ასევე სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთაზე მდებარე
კვირაცხოვლის ეკლესია.
ჩვენი სტუმრობა ზიარში ამით მთავრდება. ადგილობრივები იმ განწყობით
გვემშვიდობებიან, რომ ოდესმე მათ სოფელში უკეთესობისკენ შეიცვლება
რამე. რაც მთავარია, აქვთ იმედი, რომ უძველესი ისტორიის მქონე სოფელი
ნასოფლარად არასოდეს იქცევა. თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის
გამგეობაში მათ სასიკეთოდ ვერაფერს ამბობენ, ადგილობრივი
ხელმძღვანელობა ამ პრობლემებზე კომენტარს არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები