46 წლის ნინომ სამი ონლაინსესხისგან 200 ლარამდე თანხა დაახლოებით
სამი წლის წინ ისესხა. გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, მან
კრედიტის დაფარვა ვეღარ მოახერხა. კომპანიები მას თითქმის ყოველდღე
უკავშირდებიან და თანხის შეტანას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში
სასამართლოში ჩივილით და ქონების დაყადაღებით ემუქრებიან.
„ყოველდღე მირეკავენ და ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
მეუბნებიან, სახლშ მოვალთ და ნივთებს წავიღებთო. გამოუვალი
მდგომაროება რომ არ მქონოდა, საერთოდ არ ავიღებდი არაფერს. რა ვქნა
აღარ ვიცი, შავ დღეში ვარ ჩავარდნილი.“
თითქმის ნინოსნაირ მდგომარეობაშია 27 წლის გიორგი. მას ორი
ონლაინსესხის დავალიანება აქვს. კრედიტი ერთი წლის წინ დედის
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აიღო, გადახდა კი ძიმე სოციალური
პირობების გამო ვეღარ მოახერხა.
„რაც გამოტანილი მაქვს, მთხოვენ, რომ სამი იმდენი გადავიხადო,
დავალიანებას ჩამოწერაც არ უნდათ, რომ ძირი თანხა მაინც შევიტანო.
მემუქრებიან, სახლში კერძო აღმასრულებელს გამოვგზავნით, მოვა, აღწერს
ქონებას და ნივთებს წამოვიღებთო. სახლში ისეთი ღირებული არაფერი მაქვს
და მაინტერესებს რა უნდა წაიღონ.“
ონლაინსესხის კომპანიასთან მსგავსი პრობლემები აქვს მცირეწლოვანი
შვილის დედას, ანის.
„
სესხზე გადაცილება მქონდა, მეუღლის ხელფასით ხან გადავადება
გავაკეთე, ხან გრაფიკი შეადგინეს და გადავიხადე. რაც ავიღე, ორი
იმდენი დავაბრუნე უკვე. ახლა კი თავი დავანებე, აღარ ვიხდი. ჩემს გამო
არ უზარალია მაგ კომპანიებს. ამის მიუხედავად რეკავენ ოჯახის
წევრებთან, გაურკვეველია საიდან გაიგეს მათი ნომრები და სახლიდან
ტექნიკის გატანით იმუქრებიან. პლიუს ამას მომდის პრობლემური აქტივების
ბიუროდან წერილები, სადაც წერია, რომ ნებისმიერი გზით, ჩემგან ან
ოჯახის წევრებისგან, ან ახლობლებისგან ამოიღებენ თანხას, რომელიც უკვე
ერთი ორადაა ამოღებული. კიდევ ერთხელ მომივა მსგავის სახის წერილი და
აქეთ ვუჩივლებ სასამართლოში.“
მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის
საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ონლაინსესხების
გაცემა აიკრძალება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-„ეროვნულ ბანკთან ერთად ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების
დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სესხების გაცემა
აიკრძალება. ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების
მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური
განვითარებისთვის", – აღნიშნა პრემიერმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს ონლაინ
არასაბანკო საკრედიტო ასოციაციამ განცხადება ავრცელა.
„1. ჩვენთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება
დარგის დარეგულირების შესახებ;
2. მთავრობას მივმართავთ თხოვნით - საქართველოს ეროვნულ ბანკთან
გაგვიწიოს შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში
დაჩქარების მიზნით;
3. ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე
წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და
მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს აწვდიდნენ შესაბამისი
სტანდარტით;
4. მიგვაჩნია, რომ მთვარობის ინიციატივა ონლაინ სესხების ბაზრის
შემდგომი განვითარების და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების
აუცილებელ პირობას წარმოადგენს;
5. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ სესხების ბაზრის
დარეგულირება არამარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად
ამ ბიზნესის წარმომადგენლების - ეს ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და
ნდობის ხარისხის გაზრდას."
განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები: vivus.ge; netcredit.ge;
ccloan.ge; crediton.ge; moneyman.ge; emmascredit.ge; masesxe.ge;
minicredit.ge; mozo.ge; mon.ge;
Speqtri.ge-სთან საუბარში ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა აცხადებს,
რომ ონლაინსესესხები უნდა აიკრძალოს.
„რამდენადაც ვიცი, მთავრობა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული
აკრძალოს მსგავსი ტიპის სესხები, თუ რეგულაცია დააწესოს. რა თქმა
უნდა, ონლაინსესხები მოსასპობია, რადგან მეტწილ ქვეყანაში ასეთი სახის
ფენომენი საფინანსო სექტორში არ არსებობს, გარდა ბალტიისპირეთის
ქვეყნებისა. აქაც კი გამკაცრებულია მათი რეგულირება.
დასარეგულირებელია ყველაფერი, დაწყებული მათი სარეკლამო კამპანიით,
რომელიც წლიური საპროცენტო განაკვეთის მაგიერ, თვიური საკომისიოთი
იზიდავს ხალხს და ისინი შეცდომაში შეჰყავს. მათ ჰგონიათ, რომ 2-3%-ს
იხდიან თვეში და სინამდვილეში მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი
700-1000 პროცენტი გამოდის.მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფორმაციის დაცვის
ვალდებულება, რომელსაც მათ აწვდიან მსესხებლები. მხედველობაში მაქვს
საბანკო ანგარიშები და სხვა სახის პირადი ინფორმაცია, მნიშვნელოვანია
ასევე სესხის მოცულობისა და საპროცენტო განაკვეთის შეზღუდვა, ასევე
აუცილებელია დავალიანების ამოღების პროცედურების გაწერა. უნდა
აიკრძალოს ყველანაირი კანონსაწინააღმდეგო ფსიქოლოგიური და ფიზიკური
ზეწოლა მსესხებელზე. ამ რეგულაციებს თუ მიიღებს ჩვენი მთავრობა და
პარლამენტი, ჩათვალეთ რომ ისინი გადაიქცევიან მიკროსაფინანსო
ორგანიზაციებად. თუ იქნება ეს ყველაფერი გათვალისწინებული, კიდევ
შეიძლება თვალი დავხუჭოთ მათ საქმიანობაზე. “
ლია ელიავას ინფორმაციით, თუკი ონლაინსესხები ნამდვილად აიკრძალება,
მსესხებლებს დავალიანების გასტუმრება მაინც მოუწევთ,
„იმედი იმისა, რომ მე დღეს სესხს ავიღებ და ხვალ ეს კომპანია
გაუქმდება და თანხას აღარ გადავიხდი, ნურავის ექნება. სესხის ამოღება
უფრო მწარე იქნება სასამართლო პროცედურებითა და ა.შ. ასე რომ,
ვალდებულების გადახდა აუცილებელია, სესხი უნდა
გადაიხადონ.“
რამდენი ადამიანია საქართველოში ონლაინ სესხების მომხმარებელი, ამის
შესახებ ინფორმაცია არც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და არც ეროვნულ
ბანკს აქვს. აღნიშნულ მონაცემებს არც თავად კომპანიები
ასაჯაროებენ.
მასალის გამოყენების პირობები