ქვეყნების სიას, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის
შეტანა შეიძლება, საქართველოც დაემატა. მატყლი ცხოველური
წარმოშობის ის პირველი პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე
გავა. ამ ეტაპზე ცნობილია ის ორი ქართული კომპანია,
რომლებიც ევროკავშირმა აღიარა. ესენია შპს "ჯორჯიან ვულ"
და შპს "ქართული მატყლის კომპანია".
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძემ
speqtri.ge-სთან იმ მოთხოვნებსა და პირობებზე ისაუბრა, რომლებიც
სწარმოებმა უნდა დააკმაყოფილონ, რათა მათი პროდუქტი ევროკავშირის
ბაზარზე მოხვდეს. "პირველ რიგში ეს პროდუქტი უნდა მოდიოდეს
ჯანმრთელი პირუტყვისგან. საწარმო აუცილებლად უნდა
ითვალისწინებდეს ევროკავშირის მოთხოვნებს. უნდა ირეცხებოდეს
საწარმოს შიდა ფასადი, ჰქონდეს ცალკე შესასვლელი და
გამოსასვლელი. მატყლი ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ შესაფუთი
მასალის დაბინძურება გამოირიცხოს. შეფუთული პროდუქცია მიღების
საბოლოო ადგილამდე არსად უნდა გაიხსნას. ასევე საჭიროა
ტრანსპორტირების დროს გარკვეული ზომების მიღება: 24 საათით ადრე უნდა
მიეწოდოს ინფორმაცია იმ საბაჟო გამშვებპუნქტს, სადაც
გადაკვეთს პროდუქტი ევროკავშირის საზღვარს.
აღიარების ამ პროცესით ევროკავშირმა ძალიან დიდი ნდობა გამოუცხადა
სახელმწიფოს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ამ კონკრეტულ
კომპანიებსაც."-აცხადებს მიხეილ სოხაძე.
მისივე თქმით, მატყლის მწარმოებელმა კომპანიებმა, რომლებსაც
სურვილი აქვთ, პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ სურსათის
ეროვნულ სააგენტოს უნდა მიაკითხონ. "ასეთ საწარმოს
ვაღიარებთ ჩვენს კონტროლქვეშ მყოფ ობიექტად. ამის შემდეგ
შევამოწმებთ კომპანიას, თუკი ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს,
გავუწევთ რეკომენდაციას."
მიხეილს სოხაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში,
ევროკავშირის ბაზარზე კიდევ ერთი ქართული ცხოველური პროდუქტის, თაფლის
გატანა იგეგმება.
ამავე თემაზე:
ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე - რეალური პერსპექტივა
მასალის გამოყენების პირობები