რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით ბავშვების შრომითი
ექსპლუატაციისგან დასაცავად facebook-ის საშუალებით კამპანია დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ speqtri.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე
ესაუბრა.
- "აქცია იმ კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდში
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ადამიანების მიერ
დაიგეგმა. რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ სტრატეგიული გეგმა, თუ როგორ
უნდა გვემუშავა. ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია facebook-კამპანიის
წამოწყება. ეს გულისხმობს ადამიანებისთვის მოქალაქეობრივი მოვალეობის
შეხსენებას. ბავშვები ქუჩაში არა მარტო სახელმწიფოს, არამედ ჩვენი
პრობლემაცაა. ზოგადად, საქართველოში მუდმივად იყო ბავშვების ქუჩაში
ცხოვრებისა და მუშაობის პრობლემა, რაზეც სახელმწიფო დუმს. ეს ბავშვები
ქუჩაში კვდებიან სხვადასხვა მიზეზის გამო. გასულ კვირას, პატარა
გოგონა, თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, მანქანის დაჯახების შედეგად
გარდაიცვალა. ეს ბავშვი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე სოციალური
ჯგუფის წარმომადგენელი იყო. ამ ფაქტზე არასამთავრობოების მხრიდან
შესაბამისი რეაქცია არ ყოფილა. გადავწყვიტეთ, აღნიშნულ თემას
კამპანიის სახე მივცეთ და მანამე ვიხმაუროთ, სანამ ჩვენი ხმა
სახელმწიფოს ყურამდე არ მივა. ვაიძულებთ, მთავრობას პრიორიტეტულ
საკითხად აღიაროს ქუჩაში მცხოვრები ბავშვების წინაშე არსებული
გამოწვევები. გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ისინი აღარ
იყვნენ ქუჩაში."
ანა აბაშიძის თქმითვე, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა ქუჩაში
მცხოვრები ბავშვების რაოდენობის შესახებ.
- "რამხელა გამოწვევაა ეს ქვეყნისთვის, სამწუხაროდ, არ ვიცით. ესეც
სახელმწიფოს ნაკლია. 2008 წელს ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ქუჩებში ცხოვრობს და
მუშაობს 2000-მდე ბავშვი. მას შემდეგ სხვა ტიპის კვლევა დეტალური
მონაცემებით არ ჩატარებულა. ის, რაც ჩატარდა , არ იყო სახელმწიფოს
მიერ ინიცირებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო
აღნიშნულ საკითხს მნიშვნელოვან პრობლემად არ აღიარებს. ჩვენი
ინფორმაციით, ბოლო წლებში, მილიონ დოლარამდეა დახარჯული ამ პრობლემის
გადასაჭრელად. არა თუ შედეგს, არამედ, ელემენტარულ გაუმჯობესებასაც კი
ვერ ვხედავთ. მხოლოდ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც წესით ქუჩაში
უნდა გადიოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ამ ცენტრებში ბავშვები არ არიან.
სოციალური სიდუხჭირის გამო ბავშვები ქუჩაში იშვიათად გადიან. 90%
ქუჩაში ყოფნის მიზეზია ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელსაც
ტრეფიკინგი ჰქვია. ამის ინიციატორები ზრდასრული ადამიანები
არიან."
facebook-კამპანიაში ჩასართავად, აქციის ინიციატორები მოგიწოდებენ,
რომ გადაიღოთ ფოტო, რომელიც ბავშვთა შრომით ექსპლუატაციას ასახავს,
დაწეროთ ზუსტი მისამართი და პოსტში მონიშნოთ შინაგან საქმეთა და
ჯანდაცვის სამინისტროები, ასევე დარეკოთ ცხელ ხაზზე 1505 და დატოვოთ
შეტყობინება.
მასალის გამოყენების პირობები