არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება და კახეთში პოლიტიკური ტემპერატურაც
სულ უფრო იმატებს. პარტია „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მათი
პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ ეჟიშვილზე მუქარა
იარაღის გამოყენებით განახორციელეს.
-“წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო ის პიროვნება ვინც დამემუქრა, არც ის
ვიცი, ვინ გამოგზავნა. გავიგონე, რომ პარტიის მისამართით იგინებოდა,
როდესაც შევეკითხე მე მელაპარაკებოდა თუ არა, მანქანიდან იარაღი
ამოიღო და შორი მანძილიდან დამიმიზნა, თან დააყოლა, ამას
დაელაპარაკებით „ევროპელებიო”. პიროვნება დააკავეს და არც უარყვია
აღნიშნული საქციელი. დანარჩენს დაწვრილებით სამართალდამცავი უწყება
გაარკვევს, მეც მოუთმენლად ველი საქმის დეტალების გაგებას.”-განაცხადა
ეჟიშვილმა.
დეპუტატობის კანდიდატი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის
რაიონულ სამმართველოში პარტიის სხვა წევრებთან ერთად დაკითხეს. მათ
ავტომობილის სერიისა და ნომრის ამოცნობა შეძლეს. შინაგან საქმეთა
სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით
დაიწყო. უწყების ცნობითვე, პირი, რომელიც ეჟიშვილს დაემუქრა,
სამართალდამცველებმა ინცინდენტიდან 15 წუთში გააჩერეს, მას პირადი
ჩხრეკისას, „პლასტმასის სათამაშო იარაღი“ აღმოაჩნდა.
აღნიშული საქმე თელავის რაიონულმა სასამართლომ 12 ოქტომბერს განიხილა
და “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ
ეჟიშვილზე განხორციელებული მუქარისთვის ბრალდებულ ნუგზარ გიგაურს
აღკვეთის ღონისძიების სახედ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
თელავის რაიონული პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის
თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის
დაზიანების მუქარა, რის გამოც, ნოდარ ეჟიშვილს მუქარის განხორციელების
საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი
მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ გიგაურს ბრალი ედება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის ჩადენაში.
ზეწოლის ფაქტებზეა საუბარი არასამთავრობო ორგანიზიაცია „სამართლიანი
არჩევნების“ შუალედურ ანგარშში. ლეიბორისტული პარტიის თელავის მერობის
კანდიდატმა, ნიკოლოზ ვარდოშვილმა, #17 თელავის საოლქო კომისიის
მიმდებარედ ბირიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძეს მასთან კონფლიქტი აქვს.
კანდიდატის თქმითვე, მან კალმახელიძეს პროცედურულ საკთხებთან
დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართა, რაზეც პასუხად აგრესია მიიღო.
-„კალმახელიძემ ვარდოშივილისგან მოითხოვა კომისიის შენობის სასწრაფოდ
დატოვება და იგივე მოუწოდა მის მომხრეებსაც. ვარდოშივილი კვლავ
ითხოვდა პასუხს, რა დროსაც კალმახელძემ ტელეფონით საპატრულო პოლიციაში
დარეკა. განაცხადა, რომ საოლქო კომისიაში შეიჭრნენ არაუფლებამოსილი
პირები და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება პოლიციისგან. დარეკვის
მომენტშივე, ვარდოშივლმა აღნიშნა, რომ იგი შენობას ტოვებდა.
კალმახელძე მოითხოვდა პირადობის მოწმობის წარდგენას, რათა შეედგინა
ოქმი, რაზე ვარდოშვილმა განაცხადა, რომ მას არაფერი დაუშავებია და
საბუთებს მხოლოდ პოლიციას წარუდგენდა.“- ნათქვამია ანგარიშში.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ ნიკა
ვარდოშილის ქმედება არამართლოზმიერად მიიჩნია და მას 500 ლარი ჯარიმა
დააკისრა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს პირადად
აკვირდებოდა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი. ორგანიზიაცია
მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარის დამოკიდებულება მერობის
კანდიდატის მიმართ აგრესიული იყო, ხოლო მის მიერ პოლიციის გამოძახება
არაპროპორციული, რადგან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა.
ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“. 10
ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე, პარტიის 14 წევრი
ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ შორის იყო, ლაგოდეხის მერობის
კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ
კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯონი ამისულაშვილი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის
რაიონულ ორგანზიაციაში ბრიფინგი გამართეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ცენტრში „რუსი
ოლიგარქისთვის“ ერთ ლარად მიწის გადაცემის პროცესს აპროტესტებდა.
დაიჭირეს მშვიდობიანი მანიფესტანტი, რომელიც ჩვენი პროპორციული სიის
მეხუთე ნომერი და სოფელ კაჭრეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
ვთვლით, რომ პოლიციამ ის აბსოლუტურად უსამართლოდ დააკავა. მთავარი
მიზეზი იყო იმ ფაქტის ხელშეშლა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით
ახორციელებდა თბილისის საკრებულო . მიუხედავად დაჭერებისა და
შანტაჟისა, რომელიც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში
გრძელდება, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლიდან გასვლას. თითოეულ ადამიანს
ვეტყვით და ჩავაყენებთ საქმის კურსში იმ უმსგავსობაზე, რომელსაც
ადგილობრივი ხელმძღვანელობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად
ახორციელებს.“- განაცხადა, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ
ბუწაშვილმა.
მისივე თქმით, სპეცსამსახურის თანამშრომლები მათ ოფისს მუდმივად
უთვალთვალებენ.
„გუშინ ( 10 ოქტომბერს) ჩვენი ოფისის წინ რამდენიმე სპეცსამსახურის
მანქანა იდგა და გვითვალთვალებდა, როდის გავიდოდით აქედან. როდესაც
განცხადება გავაკეთე სოციალურ ქსელში, „ყარაული“ მალევე მოიხსნა. ასე
გრძელდება მუდმივად. საბოლოო ჯამში, ეს არის აგონია, რომელსაც ძალიან
მალე დაამთავრებს „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ვინარჩუნებთ მთავარი
ოპოზიციური ძალის სტატუსს და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ ვიმოქმედებთ
კანონის ფარგლებში, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს.“
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკრებულოსთან გამართულ აქციაზე
დაკავებული 14 პირის პროცესი 11 ოქტომბერს გაიმართა. მოსამართლის
გადაწყვეტილებით, დაკავებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. შემდეგი
განხილვები 17 ოქტომბერს ჩაინიშნა, ხოლო პოლიციას შესაბამისი
ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა.
გამოძიება “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას
ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისთვის
წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის
ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება
შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს”
პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის
შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები