ყვარლის #16 საოლქო საარჩევნო კომისიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საჩივარი, რომელიც ყვარლის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქეთევან ჭიპაშვილის მიერ
უკანონო აგიტაციის შესაძლო ფაქტს ეხებოდა, არ დააკმაყოფილა.
არასამთავრობო ორგანიზაცია
საჩივარში აღნიშნავდა, რომ ქეთევან ჭიპაშვილი,
სოციალურ ქსელ "facebook”-ით, სამუშაო საათებში ეწეოდა აგიტაციას
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. უკანონო
აგიტაცია კი საარჩევნო კოდექსის მიხედვით 2000 ლარიან ჯარიმას
ითვალისწინებს.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ სამუშაო საათებში (17:47
საათი)გამოქვეყნებული ტექსტი ასეთია:
"ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ყვარლის
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, ენერგიულს და სიცოცხლით სავსეს,
განათლებულს და მოტივირებულს,კეთილშობილ ქრისტიანს და საუკეთესო
ახალგაზრდას, როსტომ სესიაშვილს ვუსურვებთ წარმატებას, გამარჯვებას,
წინსვლას და დიდი და სასიკეთო საქმეების კეთებას ჩვენი ყვარლისა და
საქართველოს სადიდებლად."
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საარჩევნო კოდექსის 79-ე
მუხლის საფძველზე, რესურსცენტრის ხელმძღვანელის 2000 ლარით
დაჯარიმებას ითხოვდა.
კანონის თანახმად, „წინასაარჩევნო აგიტაციის და აგიტაციაში
მონაწილოების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფო
ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო
მოხელეებისა-სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი
უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.“ ქეთევან ჭიპაშვილი კი
„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-3. ე მუხლის
მიხედვით საჯარო მოხელეა.
აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით, ქეთევან ჭიპაშვილმა საოლქო
კომისიას შემდეგი განმარტებით მიმართა.
„12 სექტემბერს, დილით 8:30 საათიდან, მთელი დღის განმავლობაში, მე
ქეთევან ჭიპაშვილმა და ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ყველა თანამშრომელმა მოვიარეთ რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე
არსებული საჯარო სკოლები, ვამოწმებდით ახალი სასწავლო წლისთვის
სკოლების მზაობას.რესურსცენტრში დავბრუნდით დაახლოებით ხუთი
საათისთვის. არცერთ რესურსცენტრის თანამშრომელს არ და არც მე, 12
სექტემბერს შესვენების საათით არ გვისარგებლია. ექვს საათს აჩვნენებდა
ჩემი სამაგიდე საათი, როდესაც მე ჩემი ფეისბუკ გვერდიდან გავაზიარე
„ქართული ოცნების“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის“ კანდიდატის
როსტომ სესიაშვილის პოსტი და მას როგორც ჩვენი გავაზის საჯარო სკოლის
კურსდამთავრებულს, ვუსურვე წარმატებები. ეხლა ირკვევა, რომ 17:47
საათზეა ფეისბუკზე დაფიქსირებული ჩემი საკუთარი პოსტი“.
საოლქო კომისიამ მიიჩნია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს“ საჩივრის დასაკმაყოფილებლად სამართლებრივი საფუძვლები არ
არსებობდა, რადგან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა
ისარგებლა პირადი ფეისბუქის გვერდით, რომლის მოხმარებასაც მათ შორის
წინასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობა არ არეგულირებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნული საჩივრით ახლა უკვე ცენტრალურ
საარჩევნო კომისიას მიმართა და ყვარლის საოლქო საარჩევნო
კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს,
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს
ეწინააღმდეგება.
მასალის გამოყენების პირობები