გურჯაანში პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. „ნაციონალური
მოძრაობის“ გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩალაუბნის
საჯარო სკოლა პოლიტიკურ არენად იქცა და დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელმა პედაგოგიური საბჭო მათი კანდიდატის საკითხის განხილვით
დაიწყო.
„გუშინ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში ჩატარებულ პედსაბჭოზე, დირექტორმა
ლამზირა ყორჩიშვილმა, საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო
პრობლემების ნაცვლად წამოწია ჩვენი კანდიდატის მაკა ფრიდონაშვილის
თემა. ქალბატონ ლამზირას პედაგოგებმა მიახვედრეს, რომ ეს არ იყო
ყველაზე მომგებიანი საკითხი, რაზეც შეიძლება სკოლის დირექტორს
ესაუბრა. მან გააცნობიერა თავისი პასუხისმგებლობის სიმძიმე, ერთ-ერთ
ჩვენს ნაცნობთან, წყაროს არ დავასახელებ, ხაზი გაუსვა, ეს მისი
ინიციატივა არ იყო და ყველაფერი მოდიოდა გურჯაანის რესურსცენტრის
მენეჯმენტის მხრიდან. გუშინ ვფიქრობდით, რომ გვიპირისპირდებოდა
„ევროპული საქართველო“. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ სკოლის
დირექტორის უკან დგას მმართველი გუნდი, ადგილობრივი ხელმძღვანელობა და
„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი გიორგი ღვინიაშვილი. ისინი
შეთანხმებულად აწარმოებენ ამ კამპანიას, რათა ქალბატონ მაკა
ფროდონაშვილს ნებისმიერი გზით მოახსნევინონ კანდიდატურა. ეს ორ
სუბიექტს აწყობს, პირველ რიგში „ევროპულ საქართველოს“, რომელიც სოფელ
ჩალაუბანში პოზიციებს კარგავს, მეორე კი- ხელისუფლებას. ისინი მაკას
მთავარ კონკურენტად განიხილავენ.“
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლამზირა ყორჩიშვილი პასუხობს.
-„სრული აბსურდი და ცილისწამებაა. ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
არც რესურსცენტრს დაუვალებია რამე. " ნაციონალები" ამბობენ, თითქოს
მაკას დედას მე დავემუქრე სამსახურიდან გაგდებით, რაც სრული სიცრუეა.
ის წინა ხელისუფლების დროს გაათავისუფლეს სკოლიდან და მე დავაბრუნე.
მინდა გითხრათ, რომ სულ არ მაინტერესებს ვინ იქნება კანდიდატი“
ჩვენ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელსაც
დავუკავშირდით. დალი მინდიაშვილმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
Speqtri.ge-მ აღნიშნულ დაპირისპირებაზე პირველი
მასალა გუშინ მოამზადა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
აცხადებენ, რომ მათ კანიდიდატს მაკა ფროდონაშვილს, „ევროპული
საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ღვინიაშვილი
და სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ლამზირა ყორჩიშვილი კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ.
მასალის გამოყენების პირობები