დაზიანებული სააგიტაციო მასალა და მაჟორიტარი კანდიდატების ურთიერთბრალდებები
წინასაარჩევნო აგიტაცია ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობს, გურჯაანის
მაჟორიტარი კანდიდატები ერთმანეთს სააგიტაციო მასალის დაზიანებასა და
საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ფაქტებზე საუბრობენ.
სოფელ ვაჩნაძიანის რამდენიმე უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატების პლაკატებს „ქართული ოცნების“ პლაკატები გადააწებეს.
როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის, ელგუჯა გიორგაძის საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელმა, ნათია ბიწკინაშვილმა აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა არ
არის და მსგავსი ფაქტები სხვა სოფლებშიც დაფიქსირდა.
„საღამოს გავედით პლაკატების გასაკრავად და ვნახეთ, რომ ერთ-ერთი
სახლის ღობეზე, გიორგაძის სააგიტაციო მასალაზე დავით სონღულაშვილის
პლაკატი იყო გადაკრული. ჩვენ ამის დამადასტურებელი სურათებიც
გაგვაჩნია. ასეთი არაერთი ფაქტია და ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ადმინისტრაციულ სამსახურებს
დავალებული აქვთ, ჩვენი პლაკატები ჩამოხიონ. არიან ადამიანები,
რომლებმაც დაინახეს, რომ გიორგაძის სააგიტაციო მასალა, ვაჩნაძიანის
ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის ლია გოლეთიანის შვილმა
დააზიანა. ამის შემდეგ კი, თავიანთი პლაკატები გააკრეს. მართალია,
თვითონ ლია ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ ეს ასეა.“
ლია გოლეთიანი, აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს. ამბობს, რომ მის შვილს
პოლიტიკასთან შეხება საერთოდ არ აქვს.
„ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ასეთი შემთხვევა ჩემს სოფელში არ
ყოფილა.გამგეობასთან ელგუჯა გიორგაძის პლაკატი ამ წუთასაც გაკრულია და
ხელი არავის უხლია. რაც შეეხება ჩემს შვილს, აპოლიტიკური და ეკლესიური
ბავშვია, ასეთ რამეს არ ჩაიდენს.“
ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის
წევრი, ზაქარია ქაჩლიშვილი.
„საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი
პირველებმა ჩვენ შევიტანეთ. ვფიქრობთ, რომ ოპონენტები სარგებლობენ და
პლაკატებს ერთმანეთზე თავად აწებებენ.ეს ყველაფერი დესტაბილიზაციის
გამოსაწვევად სჭირდებათ. ჩვენ, პირიქით, ასეთ საქციელს ვგმობთ.
დემოკრატიული გარემოა და არავის მივცემთ იმის საშუალებას, ვინმე
გამოიწვიოს და პარტიებს შორის დაპირისპირება მოხდეს. არსებობს
სამართლებრივი გზა, შეუძლიათ ნებისმიერ დარღვევაზე საოლქო საარჩევნო
კომისიას მიმართონ. ჩვენ ყოველთვის სამართლიანობის მხარეს ვართ.“
სააგიტაციო მასალის ჩამოხევასა და პლაკატების გადაწებების ფაქტებზე
საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.
„რესპუბლიკური პარტიის“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,
ზვიად ყვირალაშვილის განცხადებით, ასეთი საქციელი დანაშაულია.
„ჩემს სააგიტაციო მასალაზეც არის გადაკრული „ქართული ოცნების“
პლაკატი. მათ ნამდვილად ეშინიათ ჩემი ჰაბიტუსის და ზედ აკრავენ
პლაკატებს, რომ არ გამოვჩნდე. ცდილობენ, მაქსიმალურად შემიშალონ ხელი.
პლაკატების დაზიანების ფაქტები ყოველთვის იყო, მაგრამ ზედ რომ
აკრავენ, უკვე დანაშაულია. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა- კარდენახში,
ვაჩნაძიანში, სოფელ გურჯაანში და ა.შ. რაც შეეხება ბრალდებას, რომ
შესაძლოა, ჩვენ თვითონ ვაკრავთ ამ პლაკატებს, გეტყვით, რომ მათ მეტის
მოფიქრების უნარი არ გააჩნიათ და ამდაგვარ უსუსურ ბრალდებებს იმიტომ
ასახელებენ. „ქართული ოცნება“ უნიათოა და უნიათო კომენტარებსაც
აკეთებენ. მეტი საქმე არ აქვს რომელიმე პარტიის წარმომადგენელს (მარტო
ჩემ პარტიაზე არ ვლაპარაკობ), მივიდეს მათი პლაკატი ააძროს და
თავიანთზე გადააკრას. ისინი წარმოსახვაშიც კი უნიათოები არიან.“
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“- დეპუტატობის კანდიდატი, ნათია
გიორგაძე კატეგორიულად უარყოფს მათი პარტიის წარმომადგენლებისგან
ამგვარ ქმედებებს და ამბობს, რომ ყველა პარტიას, ოპოზიცია იქნება თუ
მმართველი ძალა, მეტი თავშეკავება მართებს.
„იმ ჯგუფს, რომელიც ჩვენს პლაკატებს აკრავს, თვითონ შევხვდი და
გავაფრთხილე ,რომ მაქსიმალურად ყურადღებით ყოფილიყვნენ და
ჩამონახევზეც კი არა გადაეკრათ ჩემი სააგიტაციო მასალა. იყო ასეთი
შემთხვევა, დამირეკეს, მივედი და თავად ვნახე ჩემს პლაკატზე გადაკრული
„ქართული ოცნების“ პლაკატი. კიდევ ერთი ამბავი მინდა გითხრათ,
ველისციხეში „ჟორსის ხიდთან“ ბენზინგასამართი სადგური ახლობელს
ეკუთვნის. მისგან ნებართვა ავიღეთ და სააგიტაციო მასალა გავაკარით.
როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ბენზინგასამართი საგარეჯოელ კაცს ჰქონია
ნაქირავები, რომელიც სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მომხრეა. მოიტანა
კერხერი, ცისტერნა და ორდღიანი ჯაფა დასჭირდა, რომ პლაკატები აეხია.
ზოგადად, წინასაარჩევნოდ მშვიდი გარემოა, განსაკუთრებულ ექსცესებს
ადგილი არ აქვს, მაგრამ, ნეგატიურად ვაფასებ, თუნდაც იმ საგარეჯოელი
კაცის საქციელს. ნებისმიერი სუბიექტის მიმართ ოპოზიცია იქნება ეს თუ
პოზიცია ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს.“-აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები