თვითმმართველი თემი თელავის საკრებულოს სპეციალისტმა საზოგადოებასთან,
მასმედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში,
ლევან კოჭლოშვილმა, (ამჟამად,"თამაზ მეჭიაური-ერთიანი
საქართველოსთვის" თელავი-ყვარელის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი
კანდიდატია) "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც
ჩანს, როგორ მიაქვს ცოცხი "ნაციონალური მოძრაობის" მანქანასთან,
რომელზეც მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ბავშვებთან ერთად
გადაღებული ფოტოა.
მან ეს ვიდეო სამუშაო საათებში, დაახლოებით 12:30 საათზე ატვირთა.
-"ნერვების აშლა დამეწყო დილიდან. გუბერნიის წინ ამ ლამაზ
ქალაქში დავინახე "ნაციონალური მოძრაობის" მანქანა, მოვუტანე
პოლიტიკური ცოცხი და საბარგულში უნდა გავუკეთო. რეალურად ვიცი, რისი
ღირსებიც არიან, მაგრამ დღეს ამით დაკმაყოფილდებიან"- ამბობს
ის.
ვიდეოს 90-მდე მოწონება აქვს, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტის
გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის
გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ყვირალაშვილის. ვიდეოს იწონებენ
საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა პირებიც.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს კახეთის რეგიონალური
კოორდინატორის ზურა მირზიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით
ლევან კოჭლოშვილმა საარჩევნო კოდექსი დააღვია.
-„კოდექსი უკრძალავს საჯარო მოხელეებს საარჩევნო აგიტაციაში
მონაწილეობას პირადაპირ ან ირიბად, სამუშაო საათების განმავლობაში და
როდესაც ისინი ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ეს არის პირდაპირ
კოდექსის დარღვევა. როდესაც ამ ვიდეოს იწონებენ საჯარო მოხელეები, ეს
ადამიანები აფიქსირებენ აღნიშული ფაქტისადმი თავის
დამოკიდებულებას.”
მოგვიანებით კოჭლოშვილმა განაცხადა, რომ ამ დროს, სამდღიან
შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა როგორც თელავის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ხიზანიშვილმა გვითხრა, ის სამსახურში
ჩვეულ რეჟიმში დადიოდა.
რაც შეეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე
ყვირალაშვილის ქმედებას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი
აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ალექსანდრე ყვირალაშვილის ქმედებით, ადგილი
ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
-„შესაძლოა ეს აღვიქვათ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის
სავარაუდო გამოყენება. თუმცა, ჩვენი კანონმდებლობით, პირდაპირი
ჩანაწერი არ არსებობს. დავინახეთ, რომ გარკვეული გამოწვევებია
კანონმდებლობაში არაერთგვაროვან ნორმებთან და რეგულაციებთან
დაკავშირებით. ვითხოვდით, სოციალური მედიის საშუალებით
განხორციელებული სააგიტაციო მოქმედების გამო, ამა–თუ იმ საჯარო
მოხელის მიმართ გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობა.
მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად საჯარო მოხელეებმა წინასაარჩევნო
პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომლებიც სავარაუდოდ,
შესაძლოა აღქმული იყოს საარჩევნო და სააგიტაციო მოქმედებად. საჯარო
მოხელეებმა სათავისოდ არ უნდა გამოიყენონ კოდექსში არსებული
ხარვეზები. ასევე არ უნდა მოხდეს თვითმმართველობის, ან სახელმწიფო
ხელისუფლებაში არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებების მოხმარება,
რაც ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.“
ფეისბუქის” გვერდზე- “კისისხევის ადმინისტრაციული ერთეული”, სამუშაო
საათებში, თელავი-ყვარლის გაერთიანებული ოლქის “ქართული ოცნების”
მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრების
ამსახველი ფოტო და ტექსტური მასალა ვრცელდება. როგორც გამგებლის
წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ხათუნა ზაალიშვილმა
გვითხრა, გვერდი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს ხათუნა
გუსარიშვილს ეკუთვნის.
-„ხათუნა გუსარიშვილმა თვითონ გააკეთა ეს გვერდი, წვდომაც მას
აქვს. ახლა თელავის გამგებლის თანაშემწეა, მანამდე სოფელში გამგებლის
წარმომადგენელი იყო. ამ გვერდზე თვითონ დებს ხოლმე ინფორმაციებს
თავისი სურვილით.“
ჩვენ თავად გამგებლის თანაშემწეს დავუკავშირდით, რომელმაც
თავდაპირველად დაადასტურა, რომ ფეისბუქის ამ გვერდით მათი
ადმინისტრაცია სარგებლობს და გვერდზე სხვადასხვა ინფორმაციას
ათავსებს. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენგან შეიტყო, რომ სამუშაო
საათებში ირაკლი სესიაშვილის აგიტაცია სოციალურ ქსელში,
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს, უარყო, რომ
ამ გვერდს მისი თანამშრომლები მართავენ.
-„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გვერდი, პაროლი იცის რამდენიმე
ადამიანმა, რომლებიც საჯარო სამსახურში არ მუშაობენ. განსაკუთრებით
ისინი, ვინც მოცლილია. გვერდი მე კი არა ერთ–ერთმა სტუდენტმა შექმნა,
შედის და აზიარებს მასალებს, აპოლიტიკური ადამიანია. თავიდან რა
გითხარით რას ჰქვია?! ბოლოში რასაც გეუბნებით, ეგაა მნიშვნელოვანი.
ახლა დაიდო ინფორმაცია რთველი დაიწყოო და ეგეც პოლიტიკური ხომ არ
არის, რა არ მოგწონთ ამაში. აჟიტირებულები რატომ ხართ არ ვიცი, ისეთ
ჩამჭრელ კითხვებს მისვამთ.“
მან გვერდის ადმინისტრატორის სახელი და გვარი არ გვითხრა და აღნიშნა,
რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს კახეთის რეგიონალური
კოორდინატორის ზურა მირზიკაშვილის თქმით, თუკი ამ საიტის
ადმინისტრირება, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანის მიერ ხდება,
ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
„საარჩევნო კოდექსი უკრძალავს საჯარო მოხელეს საარჩევნო
აგიტაციაში მონაწილეობას პირადაპირ ან ირიბად სამუშაო საათების
განმავლობაში. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გვერდი ასახავს
სოფელში მიმდინარე მოვლენებს, პროცესებსა და პროექტებს, გვერდი
გამოხატავს ადმინისტრაციის პოზიციას და ამ დროს „ქართული ოცნების“
მაჟორიტარობის კანდიდატის სააგიტაციო მასალა იდება. ეს არის
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც 2000 ლარიანი ჯარიმით
ისჯება.“
საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, „იკრძალება სახელმწიფო
ხელისუფლების დაწესებულებების ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, (გარდა პოლიტიკური პარტიებისა),
განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა
და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.
მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაციაში
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე სულ 14 საჩივარი შევიდა.
მათგან ცხრა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანა, ერთი
„სამართლიანმა არჩევნებმა“, ერთი საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველომ“, ერთი ფიზიკურმა პირმა, ორი კი „მედიის
განვითარების ფონდმა“. მათგან, სამი საჩივარი განხილვის პროცესშია,
ექვსი არ დაკმაყოფილდა, ერთზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
შედგა, ერთ მათგანზე ადმინისტრაციამ წერილობითი პასუხი გასცა, ერთ
საჩივარში არ გამოვლინდა დარღვევა, ორ შემთხვევაში კი,
ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები