"მე მინდა ბოტკოს დავუჭირო მხარი“- არღვევს თუ არა საარჩევნო კოდექსს ექსპრეზიდენტი [Video]
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური
მოძრაობის“ თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი
ბოტკოველის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„მე მინდა გიორგი ბოტკოველს, ჩვენს ბოტკოს დავუჭირო მხარი
თელავის მაჟორიტარ კანდიდატად პარლამენტში გასასვლელად. მე ძალიან
მინდა, რომ გიორგი ბოტკოველს ჩვენ ყველამ ერთად დავუჭიროთ მხარი
იმიტომ, რომ ის არ არის რაღაცა გასტროლიორი. ის არის ერთ-ერთი
თქვენთაგანი. ის არის თქვენიანი და ჩემიანი. ის არის საქართველოს
პატრიოტი და კახეთის მოამაგე. მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ
აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი“, -ამბობს სააკაშვილი
ვიდეომიმართვაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების
კოორდინატორის ირმა პავლიაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი უცხო
ქვეყნის მოქალაქეა და მას წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა
საარჩევნო კოდექსის მიხედვით აკრძალული აქვს.
"პირველად რომ გაავრცელა ვიდეომიმართვა, ამაზე საჩივარი
შევიტანეთ. თუმცა არ დააკმაყოფილა არც საარჩევნო ადმინისტრაციამ და
არც სასამართლომ. მათ განმარტეს, რომ დარღვევა საქართველოს
ტერიტორიაზე არ არის ჩადენილი.“
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის მიხედვით,
წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება
აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) მოსამართლისა;
გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და
თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და
დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
საჯარო მოხელეებისა;
დ) გენერალური აუდიტორისა;
ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;
ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;
თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და
როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;
ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
წევრებისა.
ამავე კოდექსისის 79-ე მუხლის თანახმად წინასაარჩევნო აგიტაციაში
მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000
ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები