18 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“
გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით
სონღულაშვილი, გურჯაანის სკოლის მოსწავლეებთან ერთად თბილისში
ტექნოპარკს სტუმრობდა.
მიზანი, გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის ინოვაციების ცენტრის
ფუნქციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა იყო. ტექნოპარკის
წარმომადგენლებმა, გურჯაანელ ახალგაზრდებს ფაბლაბი დაათვალიერებინეს
და მისი მუშაობის პროცესი გააცნეს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული
დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კინწურაშვილმა და გიორგი ლილუაშვილმა,
რომელიც სტარტაპ დაფინანსების ორგზის გამარჯვებულია, სკოლის
მოსწავლეებს საინტერესო სემინარი ჩაუტარეს. კერძოდ, მათ აუხსნეს, თუ
როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა სტარტაპების დაფინანსების პროექტში,
როგორ დაწერონ პროექტი სწორად, როგორ შეკრიბონ საჭირო გუნდი და როგორ
იმუშავონ სწორი მიმართულებით. ასევე გააცნეს 20 უკვე წარმატებული
პროექტი, რომელმაც სტარტაპ დაფინანსებაში გაიმარჯვა. დასასრულს
გურჯაანელ ახალგაზრდებს დაათვალიერებინეს ფაბლაბი და 3D პრინტერთან
მუშაობის ვორქშოპი ჩაუტარეს.
ტექნოპარკი უახლოეს პერიოდში გაფართოებას გეგმავს. ინოვაციური
ცენტრების გახსნა დაგეგმილია საქართველოს დიდ ქალაქებში და მათ შორის
გურჯაანშიც. მათი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი
ახალგაზრდებს ბიზნესის დაწყებაში. მათ საამისოდ გააჩნიათ მაღალი დონის
ტექნოლოგიური ბაზა, რაც ბიზნესის დაწყებას ფაბლაბთან ერთად
წარმატებულს გახდის.
-„ძალიან ნაყოფიერი დღე იყო როგორც ბავშვებისთვის, ასევე ჩემთვის.
ტექნოპარკი არის შესაძლებლობა იმისა, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი
იდეები განახორციელონ და ბიზნესად აქციონ. ასეთი ბაზები მთელი ქვეყნის
მასშტაბით უნდა იყოს და მე მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი ცენტრი
გურჯაანში გაიხსნება. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ გურჯაანელ
ახალგაზრდებს შევუქმნა ხელსაყრელი პირობები საქმის საკეთებლად,“ -
განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები