აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს, „ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი. 11 სექტემბერს, მორიგი
შეხვედრები ქალაქ გურჯაანისა და სოფელ შაშიანის მოსახლეობასთან
გაიმართა.
პირველად, დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი საარჩევნო საკითხების გაცნობა და მათი პრობლემების
მოსმენა იყო. დავით სონღულაშვილმა გურჯაანელებს საკუთარი ხედვები
გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
-„გურჯაანს ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება. ოცდამეერთე
საუკუნეში აღარ უნდა იდგეს გზების, წყლის, გაზისა და დენის მიწოდების
პრობლემა. ჩემი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვარო ეს
საკითხები. მე გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებ ყველა
პრობლემის გადაჭრაზე“- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მოსახლეობის თქმით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. მათ
სურთ, რომ კარგად იცნობდნენ დეპუტატს და მის გეგმებსაც. გურჯაანელები
დავით სონღულაშვილთან შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ და თავიანთი
პრობლემებიც გაუზიარეს.
მეორე შეხვედრა სოფელ შაშიანის მოსახლეობასთან გაიმართა. მათი
ძირითადი პრობლემა უმუშევრობა, შიდასაუბნო გზების მოწესრიგება და გარე
განათების უქონლობაა. მათი თქმით, სოფელში არსებული ადამიანური
რესურსები მაქსიმალურად ასათვისებელია. დავით სონღულაშვილმა
განუცხადათ, რომ მისი მთავარი მიზანი, მუნიციპალიტეტში სამუშაო
ადგილებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნაა.
-„მზად ვარ დავეხმარო ნებისმიერ ადამიანს, ვინც ჯანსაღ ინიციატივას
გამოიჩენს. მივესალმები ყველა აქტიურ და მონდომებულ ადამიანს, ვისაც
საქმის კეთების სურვილი აქვს. ჩვენ ერთად უნდა განვავითაროთ გურჯაანი“
- განაცხადა სონღულაშვილმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები