ზეწოლა-მუქარისა და წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტები "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები“ (ISFED)
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში 8
აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 11, ფიზიკური
დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1,
არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 5,
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის
ხელის შეშლის 7, სააგიტაციო მასალების დაზიანების 5 ფაქტი .
" საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვნად
გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების
წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის
შემთხვევები. ანგარიშში მოყვანილ რიგ ფაქტებთან დაკავშირებით იკვეთება
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი
სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც.
ასევე გამოვლინდა კამპანიისთვის ხელის შეშლის და ოპოზიციური
პოლიტიკური პარტიების ოფისების დაზიანების შემთხვევებიც, რაც საფრთხის
შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის. ამავე
პერიოდში დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის დაზიანების შემთხვევები,
რასაც კამპანიის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე ადგილი არ
ქონია."- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა ცესკოს მიერ
რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის პრაქტიკაში.
„ცენტრისტების“ სარეგისტრაციო დოკუმენტების შესწავლის შედეგად
გამოიკვეთა, რომ ცესკომ არასაკმარისი და არასანდო დოკუმენტაციის
საფუძველზე დაარეგისტრირა პარტია.
-"საჯარო რეესტრის მონაცემებით ვლინდება, რომ სავარაუდოდ
კიდევ ერთი რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის
გაუქმების საფუძველი არსებობს. ცალკე აღნიშვნას საჭიროებს ცესკოს 24
აგვისტოს #60/2016 დადგენილება, რომლის საფუძველზეც ზოგიერთ საარჩევნო
სუბიექტს საარჩევნო ნომერი განსხვავებული საარჩევნო წესით
მიენიჭა.
ხარვეზებით წარიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით
დაკომპლექტების პროცესი, რამაც საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული
ნიშნით შერჩეული წევრების პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ
მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით,
რამდენიმე საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრები
წინასწარ არსებული სიების მიხედვით შეარჩიეს. ოპოზიციის
წარმომადგენლების განცხადებით, ამ სიებში ძირითადად „ქართული ოცნების“
აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან."
"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს საქართველოს ყველა
საარჩევნო ოლქში აკვირდება.
მასალის გამოყენების პირობები