პარლამენტში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად გურჯაანიდან ამ ეტაპზე
ოფიციალურად 8 კანდიდატი იბრძვის. საინიციტივო ჯგუფიდან კენჭს იყრის
ელგუჯა გიორგაძე; „ნაციონალური მოძრაობიდან“- გიორგი ღვინიაშვილი;
„ქართული ოცნებიდან“- დავით სონღულაშვილი; „თავისუფალი
დემოკრატებიდან“- სიმონ ქოჩორაშვილი; „რესპუბლიკური პარტიიდან“- ზვიად
ყვირალაშვილი ; „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“-გიორგი
ხაზიური; „ეროვნული ფორუმი“- ბესარიონ ჩუგოშვილი; „საქართველოს
პატრიოტთა ალიანსი“- ნათია გიორგაძე.
ყველა მათგანი მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს და
საარჩევნო პროგრამას აცნობს. სოციალური სფეროს გაუმჯობესებას და
პენსიების მომატებას ჰპირდება მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“
დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი. „ ჩვენი გამარჯვების
შემთხვევაში, ნოემბრის თვიდან თითოეულ პენსიონერს პენსია 50 ლარით
მოემატება. უკვე დაანგარიშებული გვაქვს და ეს სრულიად შესაძლებელია.
ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური ნიშნით, უსამართლოდ მოეხსნათ
სოციალური დახმარება, ისევ დაენიშნებათ. ასევე გავაუმჯობესებთ
ჯანდაცვის სფეროსაც.“
ანალოგიური დაპირებები აქვს პარტია „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო
ხალხისთვის“ დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ხაზიურს, თუმცა
ღვინიაშვილისგან განსხვავებით, ის მოსახლეობას სოციალური დახმარების
გაზრდასაც ჰპირდება. „ჩვენი პარტიის ძირითადი მესიჯი პენსიის გაზრდაა,
რომელიც აუცილებლად 250 ლარი იქნება. პენსიონერებს მედიკამენტები
100%-ით დაუფინასდებათ. სოციალური დახმარება გაიზრდება 50 %-ით და
პარალელურად, ვისაც შეუწყდა, ისევ დაენიშნება.“
დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გიორგაძე კი, გამარჯვების
შემთხვევაში, სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს, რომელიც სოციალურ
სფეროს შეისწავლის. „ყველაზე რთული სიტუაცია სოციალურ სფეროშია.
დეპუტატად ჩემი არჩევის შემდეგ, შევქმნი სპეციალურ კომისიას, ყველა
სოფელში აღვრიცხავ სოციალურად დაუცველებს და პირადად ჩავერევი, რომ
მათ დახმარება აღუდგეთ.“
დეპუტატების დაპირებებით დაინტერესდნენ და მათი გადამოწმება უკვე
დაიწყეს ექსპერტებმა. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“
ინოვაციური პროექტის ფაქტ-მეტრის -ის კოორდინატორის დავით ქუტიძის
განმარტებით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატს, დამოუკიდებლად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
„ვცდილობთ, გავაანალიზოთ რამდენად შესრულებადია და რა რესურსი
დასჭირდება ამ ყველაფერს. პენსიების და დახმარების გაზრდას,
მაჟორიტარი ვერ შეძლებს. რამდენად რეალურია მათი დაპირება, ამას ღრმა
ანალიზი სჭირდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში პენსიონერთა და სოციალურად
დაუცველთა რაოდენობა იზრდება და არ იქნება იოლი პრობლემის
გადაწყვეტა.“- განმარტავს დავით ქუტიძე.
დეპუტატების ნაწილი ამომრჩეველს რაიონში ინფრასტრუქტურის
მოწესრიგებას, საწარმოების გახსნას და კიდევ ბევრი სხვა საკითხის
მოგვარებასაც ჰპირდება.
„დღეს, მოსახლეობა წყლით მარაგდება რეზერვუარიდან. მთლიანად გურჯაანის
რაიონს ვპირდები, რომ წყლის მომარაგებას თვითდინებით უზრუნველვყოფ.
დახმარება შეიძლება რომელიმე ბიზნესმენს, ან მსოფლიო ბანკს ვთხოვო.
ყურძენს ფასი არ აქვს. ჩემი აზრით, მთავრობამ სუბსიდია კია არ უნდა
გასცეს, არამედ ამ ხარჯით სოფლებში მინი ქარხნები გააკეთოს. ჩემი
არჩევის შემთხვევაში, შეიქმნება კოოპერატივები, რომელსაც 100 ადამიანი
უხელმძღვანელებს. გლეხი მიიტანს ამ ქარხანაში ყურძენს და იქ წარმოებულ
ღვინოს უფრო მეტი ფასი ექნება, ვიდრე ჩაბარებულ ყურძენს. მე ასე
მესახება. ასეთ პრობლემებს ძალიან ადვილად მოვაგვარებ და
გადავწყვეტ.“-აღნიშნა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ელგუჯა
გიორგაძემ.
გიორგი ღვინიაშვილი(„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) კი, რეგიონში
წყლისა და გაზიფიკაციის პრობლემის მოგვარებაზე საუბრობს.
„არის სოფლები, რომელთა გაზიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა. ქალაქ
გურჯაანში არ მუშაობს კანალიზაციის სისტემა, მოუწესრიგებელია
კორპუსების ეზოები, გასაკეთებელია სასოფლო-სამეურნეო მიწებთან
მისასვლელი გზები. იმ სოფლებში, სადაც ჩვენი ხელუფლების დროს წყლის
მომარაგება პრობლემას არ წარმოადგენდა, დღეს რატომღაც სხვა ვითარებაა.
როგორც დავამარცხეთ ქვეყანაში უშუქობა, ასე დავამარცხებთ უწყლოობასაც.
რაც ყველაზე მთავარია, ვეცდებით და აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ
გურჯაანის რაიონში ბევრი ინვესტიცია შემოვიდეს, მრავალი საწარმო
გაიხსნას და ხალხი დასაქმდეს.“
ზვიად ყვირალაშვილი(„რესპუბლიკური პარტია“), მათი პარტიის
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაბალპროცენტიანი სესხების
გაცემაზე აკეთებს აქცენტს.
„ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა წელს შხამქიმიკატების ხარისხზე
კონტროლმა. ბევრს მოსავლის ორი მესამედი მათი უხარისხობის გამო
დაუზიანდა. უნდა გაკეთდეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე გრძელვადიანი
და დაბალპროცენტიანი სესხები. გამარჯვების შემთხვევაში, ამ და სხვა
პრობლემების წამოწევას ვაპირებთ. ამას საკანონმდებლო ჩარევა და
მოგვარება სჭირდება. მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ბევრმა კანდიდატმა არ
იცის, რა არის პარლამენტის წევრის როლი და ისეთ დაპირებებს იძლევა,
რაც მისი ფუნქცია არ არის. ასეთი ფორმით მიდგომა იგივე მოსყიდვა და
მოტყუებაა.“
ბესარიონ ჩუგოშვილის(„ეროვნული ფორუმი“) თქმით, გლეხისთვის ეკონომიური
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საწარმოების შექმნა და
უპროცენტო სესხის გაცემა.
„ ჩვენი მიზანია, რაიონში შეიქმნას მცირე და საშუალო საწარმოები.
ამისთვის მწარმოებელმა კომერციულ ბანკში უნდა აიღოს სესხი.
გამარჯვების შემთხვევაში ვაიძულებთ სახელმწიფომ მისცეს ასეთ ხალხს
უპროცენტო გრძელვადიანი სესხი. აუცილებლად მოგვარდება ჯანდაცვის
პროგრამის საკითხები. სოფლად გაიზრდება ამბულატორიული ქსელი. იქნება
რამდენიმე პროფილის ექიმი, რათა მოსახლეობას არ დასჭირდეს რაიონში
წასვლა. მოგვარდება ეკოლოგიური პრობლემები. მე არჩევნებამდე ვერ
შევპირდები ვერც ერთ ამომრჩეველს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას
სოფელში, რადგან არანაირი ძალა არა მაქვს. არჩევნების შემდეგ კი, უფრო
ინტენსიური გახდება ჩემი შეხვედრები მოსახლეობასთან. პარტიის მიზანია,
დეპუტატმა თითოეული სოფლის მაჯისცემა მიიტანოს შესაბამის კომპეტენტურ
პირამდე. “
დეპუტატობის კანდიდატების ამ დაპირებებთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრის
კოორდინატორს დავით ქუტიძეს გარკვეული მოსაზრებები გააჩნია.
„დეპუტატებს უშუალოდ ამ დაპირების შესრულების ბერკეტი არ აქვთ, მაგრამ
რადგან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ, აქცენტს სწორედ ამაზე
აკეთებენ. ინფრასტრუქტურის, გზის ან წყლის პრობლემა, ადგილობრივი
თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მოსაგვარებელია. ბევრი
კანდიდატი ამბობს, რომ აქტიურად დააყენებს საკითხს საპარლამენტო
ტრიბუნაზე და ამ გზით ეცდება პრობლემების მოგვარებას. ვინც აცხადებს,
რომ უშუალოდ თვითონ გადაჭრის საკითხს, ეს ბუნებრივია, მართალი არ
არის, რადგან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა.“-აღნიშნა
მან.
სხვებისგან განსხვავებით, ამომრჩეველს დაპირებებს არა, მაგრამ
შუამავლის როლს სთავაზობენ პარტია „საქართველოს პატრიოტთა
ალიანსის“-დეპუტატობის კანდიდატი ნათია გიორგაძე, პარტია „თავისუფალი
დემოკრატების“- დეპუტატობის კანდიდატი სიმონ ქოჩორაშვილი და პარტია
„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი.
„მე ვიქნები შუალედური რგოლი ხალხსა და პარლამენტს შორის.
ვეცდები,რაიონისთვის ბევრი სასიკეთო ინვესტიცია მოვიზიდო. გურჯაანის
მუნიციპალიტეტი საკმაოდ მომხიბვლელია, როგორც სამედიცინო, ასევე
ღვინის ტურიზმის კუთხით. ჩემს ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ მე
ვიქნები თითოეული მათგანის დეპუტატი, არ გავვუცხოვდები, ჩემთან წვდომა
არ იქნება შეუძლებელი, ვუპასუხებ მათ ყველას ზარს.“-ნათია
გიორგაძე.
„მე, როგორც დათო სონღულაშვილი, ვიტყვი, რომ უნდა ვიყო შუამავალი
მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ყველას პრობლემა მივიტანო იქ,
სადაც მათი გადაწყვეტა უნდა მოხდეს. ვიყო, მათთან ერთად
მაკონტროლებელი, რომ თითოეული საკითხი დროულად და სწრაფად იყოს
განხორციელებული. არ ვიყო ისეთი დეპუტატი, რომელიც ხალხთან
არჩევნებიდან არჩევნებამდე არ ჩასულა. მაქსიმალურად ხშირად ვიარო
მოსახლეობასთან, გავმართო შეხვედრები. ყველა ოჯახმა იგრძნოს
კეთილდღეობა.“
„შეხვედრებზე მოსახლეობას ჩვენი პარტიული პროგრამას ვაცნობთ.
კომპლექსურად, ძალიან ბევრი რამ აწუხებთ ადამიანებს, როგორც სოციალური
კუთხით ასევე, სხვა.როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, მათ გვერდში
დგომას ვპირდები. შეიძლება, ყველა საკითხი ერთნაირად ვერ გადავუჭრა,
მაგრამ აუცილებლად იმას დავანახებ, რომ გულთან მივიტანე მათი პრობლემა
და გვერდში დავუდექი.“ - სიმონ ქოჩორაშვილი.
დავით ქუტიძის თქმით, დეპუტატმა აუცილებლად უნდა მიიღოს
კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა, დააყენოს საკანონმდებლო
ინიციატივები და იყოს რგოლი პარლამენტსა და მოსახლეობას შორის.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები