-"ბაკურიანის ბანაკში ყოფნა ძალიან მომეწონა. ბევრი ახალი ბავშვი გავიცანი.
გვქონდა საინტერესო გაკვეთილები, პრეზენტაციები. ჩვენ იქ ბევრი რამ ვისწავლეთ. საღამოობით დისკოტეკა გვქონდა და ბევრს ვცეკვავდით. ბორჯომის პარკი ძალიან მომეწონა. ბევრი ლამაზი ადგილი დავათვალიერეთ. წამოსვლის წინა დღეს კონცერტი გვქონდა, სადაც ყველა ბავშვი ვიღებდით მონაწილეობას. ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა, ზოგი ლექსს ამბობდა. Mმე ძალიან მინდა, კიდევ წავიდე ბანაკში."-ეს სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლის, XI კლასის მოსწავლე თურქან აბუზაროვას წერილია.
შთაბეჭდილებები სკოლის კედლის გაზეთში გამოაქვეყნა.მან ზაფხულის ათი დაუვიწყარი დღე ოთხ მეგობართან (თანასკოლელთან) ერთად ბაკურიანში გაატარა. ბავშვებს კურატორობას მათი ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგი ლელა ჯინჭარაძე უწევდათ.
ლელა ჯინჭარაძე ხუთი წელი დუზაგრამის სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრესცენტრის პროექტის-"ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა"-ფარგლებში იმყოფება.
მან "სპექტრთან" საზაფხულო ექსკურსიის შესახებ და აზერბაიჯანელების ბავშვების, მისი მოსწავლეების სოციალურ ინტეგრაციაზე ისაუბრა.
-"ბაკურიანის ათდღიანი ბანაკი, განათლების სამინისტრომ დააფინანსა. იქ იყვნენ, ბავშვები არამხოლოდ ჩვენი რეგიონიდან, არამედ საქართველოს თითქმის ყველა არაქართული სკოლიდან: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი. ვცხოვრობდით ერთ-ერთ კეთილმოწყობილ სასტუმროში. დაწერილი გვქონდა დღის განრიგი. დილა იწყებოდა ვარჯიშოთ, მერე მოდიოდა საუზმე, შემდეგ გაკვეთილები და შემდეგ უკვე დაგეგმილი გვქონდა საღამოს ღონისძიება. ბავშვები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ. ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით."
ლელა ჯინჭარაძე ამბობს, რომ ბავშვებისთვის ასეთი ექსკურსიები და ვოიაჟები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საზოგადოებაში ადაპტირებას საჭიროებენ.
"როდესაც ვთქვით, რომ ათდღიან ბანაკში, ბაკურიანში მივდიოდით, ბავშვებმა კი გამოთქვეს წამოსვლის სურვილი, მაგრამ ოჯახებიდან წინააღმდეგობა შეხვდათ. სკოლის დირექტორის შვილები წავიყვანეთ თურქანა და მისი ძმა. სწორედ იმიტომ შევარჩიე ესენი, რომ მშობლები მიმხვდარიყვნენ, თუკი დირექტორი უშვებს თავის შვილებს, ე.ი ნდობის პრობლემა არ უნდა იყოსო. 15 ივლისს წავედით და 25-ში დავბრუნდით,"-გვითხრა მან და ეთნიკური უმცირესობებისთვის, განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
-"პროექტის მთავარი მიზანია ქართულ სახელმწიფოში ამ ბავშვების ადაპტირება და ინტეგრაცია. ხუთი წლის წინ, როდესაც მოვედი, ქართული სკოლებისგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა, ვნერვიულობდი, მაგრამ ვითარებაში გავერკვიე. ჩვენი აქ ყოფნა და მუშაობა ამ ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სახელმწიფოსგან ხელშეწყობა არის, მაგრამ კიდევ უნდა გახშირდეს ასეთი პროექტები. პედაგოგების რიცხვი უნდა აიზარდოს. რაც მეტად მოხდება ამ ბავშვების მხარდაჭერა, მით უფრო კარგი იქნება მათთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. ყოველდღიურად ვხვდები სხვა უფროსი ასაკის აზერბაიჯანელებს, რომლებსაც კომუნიკაცია უჭირთ,Mმაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ თაობის ბავშვებს უკვე ასეთი პრობლემა არ ექნებათ. მე ვაკეთებ ჩემს საქმე, თუმცა საჭიროა, რომ ოჯახების მხრიდანც მეტი ჩართულობა იყოს. მაგრამ ხუთი წლის წინანდლელ მდგომარეობასთან შედარებით, მშობლების გააქტიურებაც შესამჩნევია."
ლელა ჯინჭარაძის თქმით, მომავალი თაობის ინტერესი და მზაობა ქართული ენის უკეთ შესასწავლად ყოველდღიურად იზრდება.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები