მედიკამენტების ფასი, საქართველოში თითქმის ყოველდღიურად იცვლება. საზოგადოება დღემდე ელოდება წამლების გაიაფებას, რასაც არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა პირდებოდა კიდეც.
პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია რაიონული ცენტრებიდან მკვეთრად დაშორებულ სოფლებში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს.
კაფარ ჯამალოვის თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას პრეპარატების შეძენა არ შეუძლია.
-"პირველად, რაც უნდა გააკეთონ არის ის, რომ წამლის ფასები შეამცირონ. ძვირია და ხალხს იმის საშუალება არ აქვს, რომ იყიდოს. ჯერ ექიმთან მისვლა რა ჯდება, პოლისით მარტო ანალიზები და გადაუდებელი ოპერაციები ფინანსდება, ახლა კიდევ წამლებიც ხომ გინდა? რაიონში კიდევ არაუშავს, სოფელში უფრო ძვირად ყიდიან. რა უნდა ქნას ადამიანმა? სამუშაო არ არის, პენსია მე არ მაქვს, წამალი კიდევ მჭირდება და ისიც ძვირია,"-ამბობს ის.
გაძვირებულ მედიკამენტებზე საუბრობს მამედ იაკუბოვიც. "ადამიანი ცუდად რომ გახდება, უნდა მოკვდეს. ექიმიც ძვირია და წამალიც. რაღაც უმნიშვნელო წამლებზე ვითომ ფასი დააკლეს, მაგრამ რაც მთავარია და ადამიანს ხშირად სჭირდება, ისევ ძვირია. მე წნევა მაწუხებს და სულ წამლებში ვარ, მთელი ჩემი პენსია წამლებში არ მყოფნის, რით უნდა ვიარსებო?"-გვითხრა მან.
როგორც სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსმა გია თვალავაძემ განაცხადა, დღეის მდგომარეობით პირველი და მეორე პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა ხელმისაწვდომობის პრობლემა ფარმაცევტულ პროდუქტებზე მაინც დგას.
მისივე განმარტებით, ფარმაცევტული საქმიანობა და წამლის მიმოქცევა ქვეყანაში რეგულირდება საქართველოს კანონით "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით. აღნიშნულ კანონში 2009 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის მიზანი იყო მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე გეოგრაფიული, ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწავდომობის ზრდა.
"სახელმწიფო წამლების ფასწარმომქნაში უშუალოდ არ მონაწილეობს. შესაბამისად, ფასებს თავად ბაზარი არეგულირებს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მედიკამენტების ფასების ცვლილებების დინამიკის შესწავლისთვის სააგენტომ სამკურნალო საშუალებების ესენციალური ნუსხიდან შეარჩია 13 პრეპარატი (ნო-შპა 40 მგ ტაბლეტ #100; ენაპ-H 10/25 მგტაბ #20; ატენოლოლ ნიკომედი 50მგ ტაბ. #30; ამოქსიკლავი 1გ ტაბ.#10; ცეფამედი (ცეფტრიაქსონი) 1 გრ ფლაკონში; ომეპრაზოლი 20 მგ კაფსულა #10; ომეპრაზოლი (ომეზი)20 მგრ. კაფსულა #10; ნუროფენი 200 მგ. ტაბ. #12; ლაზოლვანი 30 მგრ. ტაბ #50; ბრალგეტასი 5მლ ი.მ და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა 5; დიაზეპამი 10 მგ. ტაბ. #20; კარდიომაგნილი 75 მგ. ტაბ. #30; ტერაფლუ გრიპისა და გაციებისათვის ლიმონის გემოთი ფხვნილი, პაკეტი #10) და მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე აგროვებს ინფორმაციას მსხვილ სარეალიზაციო ქსელებში მათი ფასების შესახებ (შპს ავერსი-გეროფარმი, შპს პსპ-აფთიაქი, სს ჯი პი სი, შპს ეი-ბი-სი ფარმაცია და შპს სახალხო აფთიაქი)"-აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, როგორც თავად სარეალიზაციო სხვადასხვა ქსელში, ისე თითოეულის ქსელში მედიკამენტების ფასების ცვლილებების დინამიკა უმნიშვნელო ფარგლებში მერყეობს დაახლოებით 5-10 %, იშვიათად 25%.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები