იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლა 2013-2014 სასწავლო წელს განახლებული ელფერით შეხვდება. სკოლას შიდა პროფილატიკური სამუშაოები ჩაუტარდა.
როგორც დირექტორმა გიას აბუზაროვმა "სპექტრთან" საუბარში აღნიშნა, მოსწავლეებს სიურპრიზი ამავე სკოლის კურსდამთავრებულებმა მოუწყვეს, რომლებიც ამჟამად ბაქოში ცხოვრობენ და მშობლიურ სოფელს ზაფხულობით სტუმრობენ.
-"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ვინც მხარში დაგვიდგა და ბავშვებს ასეთი კარგი საჩუქარი გაუკეთა ახალი სასწავლო წლისათვის. ეს ხალხიც ჩვენი სკოლის გამოშვებაა. მათ რამდენიმე წლის წინ დაამთავრეს. ჩვენ მხოლოდ დაახლოებით 3500 ლარამდე გავხარჯეთ, დანარჩენი თანხა მათ გაიღეს. 20 000 ლარზე მეტი დაახარჯეს სკოლას. ეს ყველაფერი ამ ადამიანების ინიციატივა იყო, სურვილი თავად გამოთქვეს. შენობის შიდა ინტერიერი სრულად განახლდა. კედლები შეიღება. ჭერიც შევათეთრეთ. კედლები შიგნიდან სულ გასაკეთებლი იყო, შეღებვამდე სხვა ბევრი სამუშაო ჩაუტარდა,"-გვითხრა სკოლის დირექტორმა.
დუზაგრამის საჯარო სკოლაში ამ დროისთვის 310 მოსწავლე ირიცხება. გიას აბუზაროვის თქმით, ბავშვებს სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ, მშობლებს მხოლოდ აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის წიგნების ყიდვა მოუწევთ.
-"ამ ეტაპზე ინგლისურის სახელმძღვანელოები მაქვს მიღებული ყველა კლასისთვის, დანარჩენსაც მოგვაწვდიან,"-აღნიშნა გიას აბუზაროვმა.
მისივე თქმით, სკოლაში წელსაც იქნებიან განათლების სამინისტროს მიერ დაფინასებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მყოფი პედაგოგები. პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას ძველ მასწავლებლებთან ერთად, რამდენიმე ახალი კადრიც მიიღებს.
დუზაგრამის საჯარო სკოლას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ის 1964 წელს აშენდა. როგორც გიას აბუზაროვი ამბობს, ამ ხნის განმავლობაში სკოლამ არაერთი ნიჭიერი მოსწავლე აღზარდა, რომელმაც შემდგომ წლებში წარმატებას მიაღწიეს.
მასალის გამოყენების პირობები