იორმუღანლოელები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ნასამართლეობის მოხსნის შესახებ დადებითად აფასებენ.
-"პრეზიდენტს მშვენიერი გადაწყვეტილება მიუღია. ვისაც უმნიშვნელო
დანაშაული აქვს ჩადენილი, ნასამართლეობა უნდა მოეხსნას. ჩვენს სოფელშიც არიან ასეთები, ვისაც შეიძლება, რომ ეს კანონი შეეხოს,"-ფიქრობს მაჰალ ბაქიროვი.
აღნიშნულ ინიციატივას იწონებს ყურბან მუსაევ ჯავათოიც.მისი თქმით, სააკაშვილმა ქვეყანაში კრიმინალი მოსპო. "ჩვენმა პრეზიდენტმა ქურდები გაანადგურა. ეს ძალიან კარგია. ადრე ხალხი ქუჩაში ვერ გამოდიოდა შიშით. თბილისში წასვლის გვეშინოდა. რამდენჯერ წაურთმევიათ ვიღაცეებს ფული, ჯიბეში რომ თანხა გვედო, სულ დაძაბულები ვიყავით. მიხეილ სააკაშვილმა პატრული რომ მოიყვანა, ყველაფერი შეიცვალა. ახლა აღარ გვეშინია. რაც შეეხება ნასამართლეობის მოხსნას, ვინც უბრალო დანაშაულზე იჯდა, მას რომ მოეხსნას ამით არაფერი დაშავდება."
ნასამართლეობის მოხსნის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგისტრაცია ალხაით ამირასლანოვმა` რამდენიმე კვირის წინ გაიარა. სააკაშვილის ამ გასაწყვეტილებას ისიც მიესალმება.
-"30 ლარიანი ბატკანი მოვიპარე და მაგაზე დამიჭირეს. ერთი წელი მომისაჯეს. ათი თვე ვიყავი ციხეში. ამნისტია შემეხო და ორი თვით ადრე გამომიშვეს. ახლა ველოდები პასუხს, რომ ნასამართლეობა მომიხსნან. მითხრეს,ერთ თვეში შეგატყობინებთო."
როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, მისი ინიციატივა შეეხება ყველა დანაშაულს, გარდა ისეთი მძიმე ბრალდებებისა როგორიცაა: განზრახ მკვლელობა, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში: დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა, სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან, არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონო დამზადებასა და გასაღებაში, ტრეფიკინგი, წამება, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, აფეთქება, ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიული, ტოქსიკური, სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი. პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ მის ინიციატივას "არაფერი აქვს საერთო უკანონო, პოლიტიკურად დაუსაბუთებელ" ფართომასშტაბიან ამნისტიასთან, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები