23 აგვისტოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძემ ქალაქ გურჯაანში, სასტუმრო `რებში~ "რთველი-2013"-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რთვლის საკოორდინაციო შტაბი გახსნა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.
მინისტრის მოადგილე მეწარმეებს და მევენახეებსაც შეხვდა. როგორც მან მედიასაშუალებებთან განაცხადა "რთველი 2013"-ის წარმატებით ჩასატარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
-"დღეს სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტია, რომლის განვითარებასაც მთავრობა სისტემურად ახორციელებს. "რთველი 2013" ამ სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში რეალურად გადადგმული ნაბიჯები და 2013 წლის რთველი იქნება გარდამავალი ეტაპი წარსული პრობლემების დაძლევასა და სექტორის განვითარების მიმართულებით. დღეს გურჯაანში ოფიციალურად გაიხსნა შტაბი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა სტრუქტურა, რომელიც რაიონშია წარმოდგენილი, მაქსიმალურად მობილიზებულია იმისთვის, რომ "რთველი 2013" ბევრად უფრო უკეთესად ჩატარდეს, ვიდრე წინა წლებში იყო. ასევე სამინისტროს ყოველდღიური ურთიერთობა ექნება ყველა იმ ქარხანასთან, რომელიც ამ პროცესში იქნება ჩართული," _ აღნიშნა მან.
დავით შერვაშიძემ ყურძნის ფასზეც ისაუბრა. "საქართველოს მთავრობამ 2013 წლის რთველთან დაკავშირებით შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: ის აღარ ჩაერევა ყურძნის ფასის რეგულირებაში და მას ბაზარი განსაზღვრავს. წელს ერთი კილოს ფასი გარანტირებულად 1 ლარი იქნება, რადგან ქართულ ღვინოზე მზარდი მოთხოვნაა," _ გვითხრა მან და იქვე დასძინა, რომ არ მოხდება დიფერენცირება მცირე და დიდი ფართობებიდან მიღებულ ყურძენზე. შეიქმნება თანაბარი პირობები მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის.
2013 წლის საკოორდინაციო შტაბის წევრები იქნებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. 24 საათის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს ცხელი ხაზი (353 2 47 01 01). შესაბამისად, ყველა შემოსულ ზარზე გვექნება რეაგირება." დავით შერვაშიძის განცხადებით, "რთველი 2013" კახეთში, აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება, ხოლო 10 სექტემბრიდან პროცესში ჯერ სიღნაღის, შემდეგ კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებიც ჩაერთვებიან.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები