უკვე რამდენიმე თვეა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. ცისმარ თედიაშვილი ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი გამგებელი გიორგი ლოლაძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. როგორც ჩვენთან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმურანლოს თემის მოსახლეობა ამბობს,
გიორგი ლოლაძე მათ სოფელს ხშირდ სტუმრობდა და პრობლემებით ინტერესდებოდა, მისი შემცვლელი კი ჯერ თვალით არ უნახავთ.
-"ჯერ ჩვენამდე არ მოსულა და არ უკითხავს რა გვიჭირს და რა გვილხინს. ლოლაძე რამდენჯერმე იყო მოსული, ჩვენი პრობლემებით დაინტერესდა და დახმარებასაც დაგვპირდა. კარგი ბიჭი ჩანდა და ვფიქრობ, ეს შემთხვევა რომ არა, აუცილებლად მოგვხედავდა," _ გვითხრა მუსტაფა ახმედოვმა.
როგორც ჩვენთან საუბარში იოჩ მირზაევი ამბობს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება რაიონის სათავეში.
-"მოდიან თუ არა, მთავარი ეს კი არ არის, მთავარი ის არის ხალხისთვის ვინ რას აკეთებს. ლოლაძე მოდიოდა ხოლმე და ხალხს ესაუბრებოდა, ახალი ვინ არის არც ვიცით, ჩვენს სოფლებში ჯერ არ გამოჩენილა," _ გვითხრა მან.
ახმედ ჰუსეინოვის თქმით, გამგებელი ხალხის სამსახურში უნდა იდგეს.
-"როდესაც ლოლაძე ხალხს შეხვდა, დაპირდა, რომ ყველა პრობლემას შეძლებისდაგვარად მოაგვარებდა. წლების განმავლობაში საგარეჯოს რაიონმა ძალიან ბევრი გამგებელი გამოიცვალა, მაგრამ ჩვენთვის არავინ ყოფილა. ვიცით, რომ ამჯამად ვიღაც ქალბატონი დაინიშნა. იქნებ დაინტერესდეს, ჩამოვიდეს ჩვენს სოფლებში და ნახოს რა პირობებში ვცხოვრობთ. იმედია, ვინმე მოგვხედავს, ჩვენც ადამიანები ვართ," _ გვითხრა მან.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ცისმარ თედიაშვილი ამ თანამდებობაზე 19 ივნისს დაინიშნა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ დროის განმავლობაში აზერბაიჯანულ სოფლებში უკვე სამჯერ იყო ჩასული.
-"ორი თვის განმავლობაში უკვე სამჯერ მომიხდა ამ სოფლებში ჩასვლა. ორჯერ საბავშვო ბაღის გახსნაზე ვიყავი, ხოლო მესამედ ლამბალოს მოსახლეობას შევხვდი. მათ პრობლემებს ნაწილობრივ გავეცანი. მოგეხსენებათ ჩვენს რაიონში რა სიტუაცია იყო, ამიტომ დროის უქონლობის გამო ჯერ ვერ შევძელი ყველა სოფელი მომენახულებინა. ეს კვირაც ცოტა დატვირთული იქნება და მომდევნო კვირიდან აუცილებლად დავიწყებ ყველა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას და გასაუბრებას. ვეცდებით მათი პრობლემები შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ," _ გვითხრა მან.
მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი და გადაუჭრელი პრობლემები, ამჯერად მაინც მოგვარდება.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები